გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი რვა ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს
გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი რვა ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ საქართველოში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა მოისმინეს გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის, მიროსლავ იენჩას მოხსენება. შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში გაიმართა, რომელსაც ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთისა და გერმანიის, ასევე აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები, ასევე ახალი წევრების, ნორვეგიისა და ირლანდიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით ბელგიის, ესტონეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ნორვეგიისა და ირლანდიის ერთობლივი განცხადება გავრცელდა.

„ამ კვირაში აღინიშნება 12 წელი 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტის დაწყებიდან. გვახსოვს ისინი, ვინც დაიღუპა, ვინც სახლი დაკარგა და ვწუხვართ იმ მცირე პროგრესის გამო, რომელიც კონფლიქტის გადასაჭრელად 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებების შემდეგ იქნა მიღწეული.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის შეიარაღებული ძალების განგრძობადი ყოფნა საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ასევე, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ე.წ. სუვერენიტეტის აღიარება არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, ისევე როგორც საერთაშორისო წესრიგის ნორმებს. ის კიდევ უფრო ჰყოფს საზოგადოებას და რისკის ქვეშ აყენებს ჯანდაცვასა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას.

ჩვენ უკიდურესად შეშფოთებული ვართ ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციით ბოლო წლის განმავლობაში, მათ შორის „კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის დროს. ამ ისედაც სირთულებიით სავსე დროს, დე ფაქტო ხელისუფლებები ეფექტურად ახორციელებენ სასაზღვრო კონტროლს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და განაგრძობენ თვითნებურ დაკავებებს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლება უარს აცხადებს სამედიცინო ევაკუაციასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

„ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ რუსეთის მიერ დეზინფორმაციული კამპანიის გამო პანდემიასა და ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ისევე, როგორც ყალბი პროპაგანდის გამო, ლუგარის ცენტრის მიერ გაწეულ სამსახურთან დაკავშირებით, რომელმაც მრავალი სიცოცხლე გადაარჩინა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახანგრძლივებული კონფლიქტი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ხელს უშლის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების განხორციელებასა და უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოში მოქალაქეების ჯანდაცვასა და უსაფრთხოებაზე, რითაც მთლიანად რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს.

„ჩვენ დღეს კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება მოიცავს რუსეთის მხრიდან ვალდებულებას, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ასევე ავალდებულებს მხარეებს, დაამყარონ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები ასევე გამოხატავენ მხარდაჭერას ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების მიმართ. ხაზს უსვამენ სახლებში მათი უსაფრთხოდ, ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნების მნიშვნელობას, საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად.

„ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხი არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მთავარი საკითხი. მიუხედავად შერიგების თაობაზე მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ მიცემული თავდაპირველი დაპირებისა, ჩვენ ვწუხვართ რუსეთის მხრიდან ვალდებულებებისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში პროგრესის არარსებობის გამო. ჩვენ მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებებს, უზრუნველყონ შეუფერხებელი წვდომა ამ რეგიონებთან შესაბამის ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლება დამცველ აქტორებისთვის და სხვა პირებისთვის“, – ნათქვამია გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების განცხადებაში.