სალომე ზურაბიშვილი - არაფერს დავიშურებთ, რომ ქართული ენა უფრო ხელმისაწვდომი იყოს
მე, ჩვენ და სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ქართული ენა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალქალაქის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებში და ერთმანეთის პატივისცემა სწორედ სახელმწიფო ენის ცოდნაზე გადის.
„მეც, ბავშვობაში ქართულ ენას ამ დედაენით ვსწავლობდი. მნიშვნელოვანია, რომ ეს დედაენა უბრუნდება სკოლებს. ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული ენა. იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მაქვს პასუხისმგებლობა ენის გავრცელებაზე, ენის პოპულარიზაციასა და სწავლაზე ვიყო პასუხისმგებელი.
რატომ არის საჭირო სახელმწიფო ენა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი? ენა არის მთავარი კარი, კარი ურთიერთობების. თუ გვინდა, რომ ერთმანეთს ვესაუბროთ, გავუგოთ, თუ გვინდა, რომ ერთმანეთს პატივი ვცეთ – ეს ყველაფერი გადის ენის ცოდნაზე, რომელიც არის სახელმწიფო ენა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ორმაგ მოქალაქეობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მათ, ვისაც სურს დაიბრუნოს, ან აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა, ქართული ენის ცოდნა აუცილებელია.
„მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისთვის, რომ ორმაგი მოქალაქეობა ყოფილიყო შესაძლებელი ყველასთვის და არა ისე, როგორც აკრძალული იყო წინა კონსტიტუციით. ეს ცვლილება შემოვიდა კონსტიტუციაში და დღეს უკვე ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს, აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა. ამისთვის საჭიროა, ორი მხარე იყოს და თქვენც გადადგათ ნაბიჯი, რაც ნიშნავს, რომ თქვენც გინდათ მოქალაქეობა ამ ქვეყნის. ეს არის ამ ენის სწავლა იმ დონეზე, რომ ჩააბაროთ გამოცდა, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს. ეს ნიშნავს, სახელმწიფოს უნდა, რომ თქვენ გახდეთ საქართველოს სრული მოქალაქეები.
მე, ჩვენ, სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ქართული ენა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაენის დღის აღსანიშნავად ახალქალაქში ქართული ანბანით მოხატული პანოს საზეიმოდ გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა.