სალომე ზურაბიშვილი - არ მაქვს უფლება, საარჩევნო მოდელზე პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება აქვს. თუმცა ზურაბიშვილის თქმით, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, არ აქვს უფლება, პირადი მოსაზრება საზოგადობას ან პოლიტიკურ პარტიებს თავს მოახვიოს.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისურვებდა, დაპირისპირების ნაცვლად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მხარეებმა გამოსავალი მოძებნონ.
„რომელ საარჩევნო მოდელსაც ვემხრობი, არაერთხელ მაქვს ნათქვამი. მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტს, უფლება არ მაქვს, პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს საზოგადოებას ან პოლიტიკურ პარტიებს, რადგან ვარ ქვეყნის პირველი პირი და პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. მე ამ საკითხზე პოლიტიკურ პარტიებს უნდა დავუთმო თავიანთი მოსაზრებები, მაგრამ შემიძლია ერთი რამ ვთქვა – ვისურვებდი, ამ საკითხზე დაპირისპირების მაგივრად, მოინახოს რაიმე გამოსავალი, რადგან ეს საჭიროა ქვეყნის სტაბილურობისთვის და მშვიდობიანი განვითარებისთვის. მე ამის მომხრე ვარ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.