სალომე სამადაშვილი - უპრეცედენტოა, რომ ოფიციალური პირები სასტიკად უსწორდებიან ადამიანებს, რომლებიც საკუთარ აზრს თუნდაც მიუღებელი ფორმით გამოხატავენ
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მარნეულის მერის თემურ აბაზოვის გარდა, სხვა დამნაშავე პირები უნდა დადგინდნენ.
როგორც ჟურნალისტებს სალომე სამადაშვილმა განუცხადა, დღევანდელ ხელისუფლებას საკუთარი ხალხის უკვე ისე ეშინია, რომ გადასულია ძალადობაზე, ვინც ხელისუფლების საწინააღმდეგო აზრს აფიქსირებს ან ხელისუფლებას ღიად და აშკარად აკრიტიკებს.
„უპრეცედენტო მოვლენაა, რომ ხელისუფლების ოფიციალური პირები წარმოუდგენელი სისასტიკით უსწორდებიან იმ პირებს, რომლებიც საკუთარ აზრს თუნდაც მიუღებელი ფორმით გამოხატავენ. ხელისუფლების რეაგირება რაც ვნახეთ, საკმარისი არ არის. სხვა დამნაშავე პირები უნდა დადგინდნენ, რადგან ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს მხოლოდ ის საკითხი არ არის, სადაც თანამდებობის დატოვება პრობლემას გადაჭრის”, – განაცხადა სამადაშვილმა.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი საჯარო, დამამცირებელ ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ და სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.
მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაკავებულია მარნეულის მერი თემურ აბაზოვი.