მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
მარნეულში ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

მარნეულში მოქალაქე ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

„2018 წლის 11 ივნისს, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, ქალაქ მარნეულში ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებული არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 1443 მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას აწარმოებს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი. საქმეზე ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება, შედეგების შესახებ საქართველოს პროკურატურა საზოგადოებას მიაწვდის დამატებით ინფორმაციას“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მარნეულში მცხოვრები პირი დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისა და მარნეულის მერის თემურ აბაზოვის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით მარნეულის სათემო რადიომ, ასევე, სტუდია „მონიტორმა“ რეპორტაჟები მოამზადეს. რეპორტაჟში საუბარია იმაზე, რომ პირი, რომელიც სავარაუდოდ დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლია, რამდენიმე დღის წინ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე ჩაწერილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, მოგვიანებით, სოციალურ ქსელშივე გავრცელდა ვიდეო, სადაც ის დამამცირებელ გარემოებებში ბოდიშს იხდის.