სალომე სამადაშვილი - როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამ საკითხზე შესაძლოა, არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე
როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, ამ საკითხზე შესაძლოა, არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის, ნიკა მელიას გათავისუფლებისთანავე, ყოველგვარი პირობების გარეშე მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში.
„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ კომპრომისისთვის მზად ვართ. ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, ყოველგვარი პირობების გარეშე, „ნაციონალური მოძრაობა“ მონაწილეობას იღებს მოლაპარაკებებში. რაც შეეხება სხვა საკითხებზე კომპრომისებს, ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ უნდა მივიღოთ პრინციპული გადაწყვეტილება პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების, პოლიტპატიმრების გათავისუფლების და იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სჭირდება ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება იმას, როგორ მივალთ ვადამდელ არჩევნებამდე, აქ შესაძლოა არსებობდეს კომპრომისისთვის სივრცე და ჩვენ მზად ვართ, შესაბამისი კომპრომისისთვის. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება“ გადახედავს საკუთარ პოზიციებს და იმ განწყობით არ მოვა, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანოს, როგორც ეს დანიელსონის პირველი ვიზიტის დროს მოხდა. ოპოზიციამ არა ერთხელ დაადასტურა შეთანხმების მზადყოფნა“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით, სამადაშვილმა განაცხადა, რომ ეს მოლაპარაკებებს ხელს არ უშლის.
„მშვიდობიანი პროტესტი არის კონსტიტუციით დაცული უფლება, რომელსაც მოქალაქეები მიმართავენ ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ ხმამაღლა გამოხატოს საკუთარი პოზიცია იმ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც „ქართული ოცნების“ დამსახურებით შეიქმნა ქვეყანაში. მე არ ვხედავ ასე, რომ ოპოზიციის მუშაობა, რომელიც მიმართულია საზოგადოების აზრის მობილიზაციისკენ, რამენაირად ხელს უშლის მოლაპარაკებებს“, – განაცხადა სამადაშვილმა.