სალომე სამადაშვილი - პოლიტიკური კრიზისი ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე ნატო-სთან და ევროკავშირთან
მნიშვნელოვანია, ნატო აგრძელებს სტრატეგიული პარტნიორობის გეგმების გაღრმავებას ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. თუმცა, ალბათ ჩვენ მაინც უნდა გვქონდეს გეგმა, რომ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და ხელშესახები პროგრესი გვქონდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ნატო-ს მიერ საქართველოსთვის არსებითი პაკეტის განახლების შესახებ საუბრისას აღნიშნა.
„სამწუხაროა, რომ ამისთვის დღევანდელმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა გასული წლების მანძილზე. უნდა აღინიშნოს, რომ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში არის შექმნილი, რა თქმა უნდა ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ურთიერთობებზე ნატო-სთან, ევროკავშირთან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კრიზისიდან გამოსავალი მოიძებნოს იმ მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც მიმდინარეობს“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტერიალმა გუშინ ნატო-საქართველოს არსებითი, განახლებული პაკეტი დაამტკიცა. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მინისტერიალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოს პრაქტიკულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას აძლიერებენ.