სალომე სამადაშვილი - ევროპელი კოლეგების გუშინდელი საჯარო განცხადებები მოზომილი იყო, რადგან არ სურთ, მედიაციის პროცესში დამატებითი პრობლემები შექმნან
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია.
ამასთან, სამადაშვილის თქმით, ბრიუსელში გუშინ დაადასტურეს ის, რასაც ოპოზიცია დიდი ხანია, ამბობს, რომ ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია.
„მე არ ვფიქრობ, რომ შერჩევით უნდა წაიკითხოთ განცხადების ნაწილი, რომელიც გაავრცელა ევროკავშირმა. ზოგადად შეფასება არის ის, რომ ამ არჩევნენმა ქვეყანაში გააღრმავა პოლიტიკური კრიზისი და ამიტომ ჩვენი პოზიცია ძალიან ნათელია.
პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები. ამიტომ ჩვენ ვადამდელ არჩევნებს ვითხოვთ არა მარტო იმიტომ, როგორ და რა ხარისხით ჩატარდა ოქტომბრის არჩევნები, არამედ ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, პოლიტიკური კრიზისის, რომელიც აზიანებს უკლებლივ ყველას.
ბრიუსელში გუშინ დაადასტურეს ის, რასაც ოპოზიცია დიდი ხანია, ამბობს, რომ ქვეყანა არის შესული ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისში. ოპოზიციის მხრიდან ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ეფუძნება იმას, რომ ქვეყანა უმწვავეს კრიზისშია შესული, რაც დაადასტურა იმან, რომ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი გადადგა არჩევნებიდან რამდენიმე თვეში. არჩევნებიდან რამდენიმე თვეში პრემიერ-მინისტრის გადადგომა, ნებისმიერ საპარლამენტო ევროპულ სახელმწიფოში დღის წესრიგში გამოიწვევდა ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობის საკითხს. ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელიც კარგად ესმით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს.
საუბარი იყო იმ ფუნდამენტურ პრობლემებზე, რომელიც, როგორც შეგვახსენეს, არის ქვაკუთხერი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოსი. კერძოდ კი, სასამართლო სისტემა. ასევე, მოვისმინეთ ევროკომისიის შეფასება, როგორ მიმდინარეობს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ათვისება, არ არის არის ძალიან პოზიტიური, რადგან შეგვახსენეს, რომ ვიდრე ევროკავშირში გაწევრიანების განცხადებას გააკეთებს სახელმწიფო, უნდა გამოიყენოს თანამშრომლობის ის ფორმატები, რომელიც აქვს ევროკავშირთან, რომელსაც საქართველო ადეკვატურად ვერ იყენებს. ასოცირების ხელშეკრულების უდიდესი ნაწილი შეთანხმებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ჩვენ წინ დიდად არ წაგვიწევია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
სამადაშვილის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა მოისმინოს გზავნილები, რასაც მას ბრიუსელში აწოდებენ. აქვე, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპელი კოლეგების გუშინდელი საჯარო განცხადებები მოზომილი იყო, რადგან არ სურთ, მედიაციის პროცესში დამატებითი პრობლემები შექმნან.
„არ მინახავს, რა კამპანიაა ნაწარმოები.გუშინ მოვისმინეთ ბატონი ბორელისგან, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. სწორედ ის, რომ სასამართლო არ არსებობს, ინსტიტუტების მიმართ არ არის ნდობა, არის მთავარი პრობლემა, რომელმაც ჩვენ მიგვიყვანა ამ პოლიტიკურ კრიზისამდე როგორც პოლიტპატიმრების თვალსაზრისით, ასევე არჩევნებთან დაკავშირებულ პრობლემებთან მიმართებაში.
ვფიქრობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კარგად უნდა მოისმინოს ის გზავნილები, რასაც მას აწოდებენ ბრიუსელში, მითუმეტეს, რომ დახურულ კარს მიღმა მათ მოისმინეს ბევრად მკვეთრი და კრიტიკული შეფასებები. გუშინ საჯარო განცხადებებში ჩვენი ევროპელი კოლეგები იყვნენ მოზომილი, რადგან მედიაციის პროცესი მიმდინარეობს და მათ არ სურთ, ამ მედიაციის პროცესში დამატებითი პრობლემები შექმნან.
ყველას აქვს უფლება, საკუთარი შეფასება გააკეთოს. მე მიმაჩნია, ევროკავშირი მომართულია იმისთვის, რომ მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდეს. არჩევნების შეფასება აღწერს იმ პრობლემებს, რომელიც ამ არჩევნებს უკავშირდება. წერილობითი განცხადება აღწერს, რომ ამ არჩევნებმა ვერ შექმნა ნდობა საარჩევნო პროცესის მიმართ და გაამწვავა პოლიტიკური კრიზისი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის შეფასებით, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, ყველა ინსტიტუტმა და აქტორმა საქართველოს მოსახლეობის ინტერესი პირველ ადგილზე უნდა დააყენოს.
მისი თქმით, პარლამენტის ბოიკოტი არ უწყობს ხელს პოლიტიკურ პლურალიზმს, ყველამ თავი უნდა შეიკავოს პროვოკაციული ქმედებებისა და რიტორიკისგან, იმუშაოს კომპრომისის მოსაძებნად.
ამასთან, ბორელის განმარტებით, მისი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა ახალი არჩევნები. აქვე, ბორელი აღნიშნავს, რომ ეუთო-მ საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად და თავისუფლად მიიჩნია.
გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეექვსე შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესრელიზი
გაავრცელა.