სალომე სამადაშვილი - ევროპას შესაძლებლობა აქვს, ცირკულარული მიგრაციის სახით, საქართველოს მოქალაქეებზე მოკლევადიანი სამუშაო უფლება გასცეს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროკავშირთან ცირკულარული მიგრაციის პროგრამის ამოქმედებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, რათა საქართველოს მოქალაქეებზე მოკლევადიანი სამუშაო უფლება გაიცეს.
პირველ არხთან საუბარში სალომე სამადაშვილი უვიზო მომოსვლასთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპას შესაძლებლობა აქვს, ცირკულარული მიგრაციის სახით, საქართველოს მოქალაქეებზე მოკლევადიანი სამუშაო უფლება გასცეს.
„საქართველოს ხელისუფლებამ მეტი ძალისხმევა უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ეს უფლება მიეცეთ, რადგან მაშინ შეიძლება ბევრ ადამიანს ლეგალურად მუშაობის უფლება მიეცეს. ცირკულარული მიგრაციის პროგრამა იმიტომ არსებობს, რომ მთელი რიგი მიმართულებებია, სადაც დამატებითი მუშა ხელია საჭირო და თუ ადეკვატური გამოცდილებისა და ცოდნის მქონე ადამიანები არსებობენ, საქართველოს მოქალაქეებს უფლება ექნებათ, მოკლევადიანი სამუშაო უფლებით ისარგებლონ, რაც ძალიან კარგი იქნება. ამისთვის საჭირო მიზანმიმართული მუშაობაა“, – აღნიშნავს სამადაშვილი.
დეპუტატი ყურადღებას ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობის მოთხოვნაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში კრიმინალური ვითარება იმდენად დამძიმდა და ორგანიზებული დანაშაული იმდენად გაძლიერდა რომ, ამან ევროპული პრობლემის მასშტაბი შეიძინა.
„სამწუხაროდ, დღეს ამ ვითარების წინაშე დავდექით. არ მიმაჩნია, რომ დღევანდელ ხელისუფლებას რეალური პოლიტიკური ნება აქვს ეს პრობლემა მოაგვაროს, რადგან ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომლის ძალიან გავლენიანი წარმომადგენლები პირდაპირ კავშირში არიან სწორედ ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლებთან. ხელისუფლებას ორგანიზებული დანაშაული სწორედ არჩევნების დროს ეხმარება. ამიტომ არანაირი საფუძველი არ მაქვს, მჯეროდეს, რომ ამ პოლიტიკურ გუნდს რეალური სურვილი აქვს, ამ გამოწვევას გაუმკლავდეს. მეორე პრობლემა, რის გამოც ეს შეიქმნა, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარებაა. სამუშაო ადგილები არ არსებობს. ხელისუფლების პოლიტიკა სამუშაო ადგილებს ვერ ქმნის და ჩვენი მოქალაქები მცდელობას გააგრძელებენ, რომ სამსახური სხვა ქვეყნებში ეძებონ. „ქართულმა ოცნებამ“ ორი წელი დაკარგა იმისთვის, რომ უვიზო რეჟიმი დროულად მიგვეღო. შესაბამისი პროცესი ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობდა და არც პოლიტიკური ლობირება ხდებოდა. საბოლოოდ, უვიზო მიმოსვლა მივიღეთ და აღმოჩნდა, რომ ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური და კრიმინალური ვითარებაა შექმნილი, რომ მემკვიდრეობით მიღებული მონაპოვარიც კი აღმოჩნდა, რომ საფრთხის წინაშე დადგა“, – განაცხადა სამადაშვილმა.
გერმანული WDR-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის მთავრობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ლობირებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ითხოვს.
გერმანული მედია წერს, რომ ფედერალური მიწის მთავრობის უკმაყოფილებას საქართველოდან ჩასული თავშესაფრის მაძლიებლების რაოდენობის ზრდა იწვევს.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ინტეგრაციის მინისტრმა, იოახიმ შტამპმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების კამპანია უკვე წამოიწყო.
გიორგი კვირიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე დღეს საგანგებო თათბირი გამართა.
საუბარია საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაზე, რომელთა შედეგად, შემოღებული იქნება მთელი რიგი პრევენციული ზომებისა, მათ შორის ისეთის, როგორიცაა რეადმისიის ხარჯის თავად რეადმისირებულ პირებზე დაეკისრება; გვარის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების გამკაცრება და ა.შ. აღნიშნული ცვლილებები მთავრობის უახლოეს სხდომაზე იქნება წარდგენილი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატებს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის კონტექსტში. გარდა ამისა, შედგება შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტები ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი.
ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება აქტიური საინფორმაციო კამპანია, რომელიც მოსახლეობას მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას, რა რისკებთან არის დაკავშირებული მათ მიერ შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა და რა შედეგებს მოუტანს ეს მათ, სხვადასხვა, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით.