სალომე სამადაშვილი - არ მესმის, ვინმეს რატომ ჰქვია დეპუტატი და რატომ იღებს ხელფასს ბიუჯეტიდან, თუ პარლამენტის საგანგებო სხდომის გამართვას მხარს არ უჭერს
სალომე სამადაშვილი - არ მესმის, ვინმეს რატომ ჰქვია დეპუტატი და რატომ იღებს ხელფასს ბიუჯეტიდან, თუ პარლამენტის საგანგებო სხდომის გამართვას მხარს არ უჭერს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩვენი მოქალაქეების და დიპლომატიური კორპუსის ტოტალური მოსმენით, თვალთვალით, მიყურადებით არის დაკავებული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს რეალური საფუძველი იმისა, რომ გადადგეს როგორც სუს-ის ხელმძღვანელი, ისე მთავრობის სრული შემადგენლობა.

ამასთან, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, ჩანაწერების თემაზე პარლამენტში დებატების მოწყობა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ასევე პრემიერისა და ყველა საჭირო პირის მიწვევა.

„ყველამ ნათლად დაინახა, რომ ადგილი აქვს სახელმწიფოს ჩამოშლას. აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულია ჩვენი თანამოქალაქეებისა და დიპლომატიური კორპუსის ტოტალური მოსმენით, თვალთვალითა და მიყურადებით. ის, რაც ჩვენ დავინახეთ, არის არა მხოლოდ შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი, არამედ რეალური საფუძველია იმისა, რომ გადადგეს არა მხოლოდ სუს-ის ხელმძღვანელი, არამედ მთავრობის სრული შემადგენლობა. ვერ ვხედავ, რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი ფუნქცია პარლამენტის, რომელსაც კონსტიტუციით მთავრობის კონტროლი ევალება, გარდა იმისა, რომ უახლოეს დღეებში შევიკრიბოთ, ამ თემაზე პოლიტიკური დებატები მოვაწყოთ, მოვიწვიოთ სუს-ის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრი და ყველა სხვა პირი, ვისაც საჭიროდ ჩავთვლით“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილის განმარტებით, საგანგებო სხდომის მოსაწვევად, დეპუტატთა ხელმოწერების ნაწილი შეგროვდა, რაც დაახლოებით საჭირო რაოდენობის ნახევარზე მეტია.

„ველოდებით დანარჩენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. არ მესმის, ვინმეს რატომ ჰქვია პარლამენტის წევრი და რატომ იღებს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ პარლამენტის საგანგებო სხდომის გამართვას მხარს არ უჭერს. ყველას, ვინც პარლამენტში ხალხის წარმომადგენლად მიიჩნევს თავს, საგანგებო სხდომის მოწვევა გადაუდებელ საქმედ უნდა მიაჩნდეს. თუ პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე უარს იტყვის, მაშინ უკანონო ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებს, აღიარებს, რომ თავად და უმრავლესობის ყველა წევრი ამ დანაშაულის მონაწილე არიან“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ამ დროისთვის სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „გირჩმა“, „მოქალაქეებმა“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ განაცხადეს, რომ ხელი მოაწერეს „ლელოს“ ინიციატივას.

დატოვე კომენტარი