სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა - 24 წლის ტანმოვარჯიშე დიდი სპორტიდან მიდის #1TVSPORT
მხატვრული სტილით ტანმოვარჯიშე 24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერის დასრულების შესახებ განცხადება ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გაავრცელა და აღნისნა, რომ მისია შეასრულა და ახლა სურს, ძალები სხვა მიმართულებით მოსინჯოს.
„ძვირფასო მეგობრებო, მინდა ოფიციალურად განვაცხადო, რომ პროფესიონალური კარიერა დავასრულე. ელიტურ სპორტში ჩემი მისია შევასრულე, ახლა კი დრო მოვიდა ძველი გზა დავტოვო და სხვადასხვა მიმართულებით განვვითარდე. მადლობა მხარდაჭერისთვისა და სიყვარულისთვის“, – დაწერა სალომე ფაჟავამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე.
სალომე ფაჟავა ქართული მხატვრული ტანვარჯიშის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტსმენია. 2015 წელს მან ევროპულ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფაჟავამ მსოფლიო თასის ეტაპებზე ოთხჯერ დაიკავა მესამე ადგილი. მონაწილეობდა რიოსა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში.