საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Kia Motors-ის ცენტრთან მშენებლობა უკვე არსებული შენობის ტერიტორიაზე იგეგმება
დედაქალაქის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე ბექა დავითულიანი და დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე დიღმის ტყე-პარკთან, Kia Motors-ის ცენტრთან მივიდნენ და ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც დაგეგმილ მშენებლობას არასამთავრობოები აპროტესტებენ.
როგორც ბექა დავითულიანმა განაცხადა, დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს.
„ვიცნობთ არასამთავრობოების მოთხოვნებს. მთავარი არის ის, რომ რამოდენიმე კვირაა, მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიდის დიღმის ტყე-პარკთან მიმართებით. ჩვენი ოპონენტები, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ამბობს, თითქოს „კიას“ შენობა არის დიღმის ტყე-პარკის ტერიტორია. ეს შენობა დიდი ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში გამოეყო დიღმის ტყე-პარკს, შეეცვალა სტატუსი და ფაქტია, რომ დგას ეს შენობა. ახლა გვეუბნებიან, ეს არის რეკრეაცია და სტატუსი შეუნარჩუნეთო. ეს თუ რეკრეაციაა, მართლა რეკრეაცია რა არის, მათ საერთოდ არ ესმით.
რაც შეეხება რეალობას, მათივე პირობებში გასხვისდა ეს ტერიტორია, დიღმის ტყე-პარკის კიდევ არაერთი ნაკვეთი, შეეცვალა სტატუსი და დღეს ადევს საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი. ეს სტატუსი ამ შენობას შეუნარჩუნდება და ნაცვლად საავტომობილო ცენტრისა, მეპატრონეს სურს, შიგნით ორანჟერეის გაკეთება.
დიღმის ტყე-პარკი არის შიგნით, ამ შენობას რა ვუყოთ, როგორ ვაქციოთ ტყე-პარკად ის, სადაც ავტოსალონია?“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.
თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ კი განაცხადა, რომ მხოლოდ არსებული შენობის ფარგლებში იგეგმება რეკონსტრუქცია.
„მე ვფიქრობ, ქალაქისთვის უკეთესი იქნება ახალი ნაგებობა, ვიდრე ის, რასაც ახლა ვუცქერთ. დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე წლების განმავლობაში გასხვისებულია ტერიტორიები და დღეს 18 ჰექტრის გამოსყიდვა მოუწევს მერიას, რომელიც მრავალი მილიონი ლარი დაჯდება და ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, მათ შორის ოპონენტებსაც, რომ ახალი გენგეგმა არ იწერება სუფთა ფურცელზე. სამწუხაროდ, გვიწევს რეალობის გათვალისწინება და მაქსიმალურად მინიმალიზირება იმ უარყოფითი ქმედებების, რაც წლების განმავლობაში ამ ქალაქის მიმართ ხორციელდებოდა. ეს კონკრეტული მაგალითი არის ერთ-ერთი. ამ უსახური შენობის მაგივრად, რეკრეაციისთვის უფრო შესაფერის, დენდროლოგიურ, ორანჟერეის დატვირთვის ადგილს მიიღებს ქალაქი“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციები მერიას დიღმის ტყე-პარკში დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებით მიმართავენ და სთხოვენ, უარი თქვას ტყე-პარკის ტერიტორიაზე, Kia Motors-ის შენობის ადგილზე საკონცერტო და საგამოფენო სივრცის აშენებაზე.