კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს, მზად ვართ, ეს ტერიტორიები მივიღოთ საჩუქრად, ქალაქი მადლობას გადაუხდის
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში ტერიტორიებს, მზად ვართ, ეს ტერიტორიები მივიღოთ საჩუქრად, ქალაქი მადლობას გადაუხდის

აბსურდული ბრალდებები მოვისმინეთ ჩვენ გუშინ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა ოპოზიციის განცხადებებზე, რომლებიც მათ იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებით გააკეთეს.

„ისტორია თუ გაინტერესებთ, რომ გავიხსენოთ, თუ როგორი იყო იპოდრომის ისტორია – თქვენ იცით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ეს კონკრეტული, იპოდრომის ტერიტორია იყო გასხვისებული კერძო პირებზე. ამის მოძიებაც ძალიან მარტივად შეიძლება, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები. შემდეგ, 52 მილიონად, თუ არ ვცდები, გამოისყიდა ბიძინა ივანიშვილმა, რადგან ეს ტერიტორია სავარაუდოდ მიმართული იყო იმისკენ, რომ მომხდარიყო კორპუსებისა და განაშენიანების პროექტის განხორციელება.

მე ნამდვილად მეამაყება, როგორც ამ ქალაქის მერს ის, რომ ეს ტერიტორია ფონდმა „ქართუმ“, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა საჩუქრად გადასცა ქალაქს, სადაც ცენტრალური პარკის პროექტი განხორციელდება და პროექტს უშუალოდ თვითონ ფონდი „ქართუ“ დააფინანსებს, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება.

ორი წელი დასჭირდება პროექტის განხორციელებას, დღეს გვქონდა სრული პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება შინაარსობრივად, როგორი იქნება გეგმარება, ზონირება, წარმოდგენილი იყო ყველაფერი და მომავალი დღეების განმავლობაში ვიწყებთ უშუალოდ სამუშაოების განხორციელებას“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამასთან, მან უპასუხა ოპოზიციის ბრალდებებს, რომლის თანახმადაც, იპოდრომის ტერიტორიის ქალაქისთვის გადაცემა ამომრჩევლის მოსყიდვად ფასდება.

„არანაირი ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის, არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ არის. მეტსაც გეტყვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფლობენ დიღმის ტყე-პარკში კონკრეტულ ტერიტორიებს. ჩვენ მზად ვართ, ეს ტერიტორიები მივიღოთ საჩუქრად, არანაირი შეზღუდვა არ არის ამაში, არანაირი კანონდარღვევა არ არის. მზად ვართ, გადმოგვცენ ეს ტერიტორიები და მადლობელი ვიქნებით, ქალაქი მათ მადლობას გადაუხდის და იმაზეც არ შევაწუხებთ, რომ იქ შემდგომ პროექტის განხორციელებისთვის მათ ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე და მუნიციპალიტეტი განახორციელებს დიღმის ტყე-პარკში მოწყობას, განახლებას და კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას, თუ ისინი ამას საჩუქრად გადმოგვცემენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.

დატოვე კომენტარი