საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანის საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის საქმე არსებით განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაეცა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ დაცვის მხარის 22 მტკიცებულება დაუშვებლად ცნო. ადვოკატის განცხადებით, მტკიცებულებებს შორის იყო დაზარალებულის და მისი ოჯახის წევრების საჯარო განცხადებები.
ბრალდების მხარის განმარტებით, არსებული მტკიცებულებები საკმარისი იყო საქმის არსებითად განსახილველად გადასაცემად. მოსამართლის გადაწყვეტილებას დაცვის მხარე არ ეთანხმება. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, საქმის არსებითად განსახილველად გადასაცემად სასამართლოს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები.
„სასამართლოს მიერ ის მტკიცებულებები იქნა დაუშვებლად ცნობილი, რომელიც დაზარალებულის და მისი დედის საჯარო განცხადებებს ეხება. მათთვის სასარგებლო უნდა ყოფილიყო ის ემოციური ფონი, ცრემლები და დაზარალებულის მიერ ძალადობის შინაარსის განმარტებები. აღნიშნულს სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ. ბრალდების მხარეს და დაზარალებულს არ სურდათ, რომ დაზარალებულის და მისი დედის საჯარო განცხადებები სასამართლოში წარმოდგენილიყო. ეს იმის ნიშანია, რომ ისინი ცრუობენ. საჯაროდ სხვა ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობენ, სასამართლოში კი, სხვაზე.
ილია ჯიშკარიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა შეწყდეს, ვინაიდან დაზარალებულის მიერ არადამაჯერებელი, არათანმიმდევრული ჩვენება აქვს გამოძიებისთვის მიცემული. ექსპერტიზის დასკვნით, ის არც ნაცემია, არც დაგდებულია“, – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
„დაცვის მხარის მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა რომ მოვითხოვეთ, მტკიცებულებების შინაარსის გამო არ განხორციელებულა. მტკიცებულებები იყო კანონის დარღვევით მოპოვებული. ძალიან მარტივად რომ გითხრათ, 22 პუნქტად იყო წარმოდგენილი. ყველა მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას თავისი მიზეზი ჰქონდა“, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობაშვილმა.
შეგახსენებ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 25 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.