საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხზე იმსჯელა
საკოორდინაციო საბჭომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრების საკითხზე იმსჯელა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების საკითხი განიხილა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებაზე მსჯელობა ბიზნესსექტორის, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით, ინტენსიურად მიმდინარეობს და კონკრეტული გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

„მთავრობის მიზანია, ბიზნესთან და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, ერთობლივად იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ერთის მხრივ ნაკლებად დააზიანებს ეკონომიკას და ამავდროულად ეფექტური იქნება ვირუსის გავრცელების დინამიკის მართვის თვალსაზრისით. ამასთან, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრება ინფიცირების შემთხვევების მკვეთრ კლებას არ გამოიწვევს, თუმცა ვირუსის გავრცელების შეზღუდვას და ვითარების სტაბილიზაციას შეუწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს ჰოსპიტლებში არსებული ვითარება და ის ღონისძიებები, რომელიც კლინიკური სექტორის ეფექტური მართვის მიზნით ხორციელდება. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა დამატებითი რესურსების, მათ შორის რეანიმაციული და ინტენსიური თერაპიის საწოლფონდის მობილიზების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანა ვირუსის გავრცელების პიკში შედის და არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა რთულია, თუმცა კონტროლს ექვემდებარება.

ამასთან, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის პირბადის ტარებისა და სოციალური დისტანციის დაცვის მნიშვნელობას, რაც შესაბამისი უწყებების მხრიდან კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება“, – აცხადებენ მტავრობის ამდინისტრაციაში.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, ვირუსით ინფიცირების 114 889  ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 95 581 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 1085 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 2071 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში – 3723 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 6145 პირი.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.