საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ სარჩელს განიხილავენ
საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ სარჩელს განიხილავენ

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განიხილავს „გირჩის“ სარჩელს მთავრობის წინააღმდეგ, რომლითაც პოლიტიკური გაერთიანება მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი მარნეულსა და ბოლნისში საგანგებო სიტუაციის დროს მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ჩაკეტვა. პროცესს „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ესწრება.

მოსარჩელის მითითებით, სადავო ნორმა ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას ისე, რომ დაცული არ არის ამ უფლებაში ჩარევის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფორმალური მოთხოვნები.

მოსარჩელის განმარტებით, მიმოსვლის თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ კანონის საფუძველზე, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს – საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი არ განსაზღვრავს კონკრეტულ რეგულაციებს და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვის სრულ უფლებამოსილებას გადასცემს საქართველოს მთავრობას. „გირჩის“ განმარტებითვე, ამ პირობებში, საქართველოს მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა იწვევს საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას.

მოსარჩელე დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო ნორმა არც მატერიალური თვალსაზრისით შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, მოსარჩელის პოზიციით, არ არსებობდა მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან გასვლის აკრძალვის საჭიროება და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელი იყო უფლების უფრო ნაკლებად შეზღუდვის ხარჯზეც, კერძოდ, პირბადისა და დამცავი ხელთათმანების გამოყენების გზით მოქალაქეების გადაადგილების დაშვებით.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმა არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განმტკიცებულ მიმოსვლის თავისუფლებას.

„გირჩმა“ საკონსტიტუციო სასამართლოში სამი სარჩელი შეიტანა. სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო, ავტომანქანაში სამ პირზე მეტი პირის განთავსების აკრძალვის რეგულაცია. „გირჩის“ მესამე სარჩელი კი კომენდანტის საათის გამოცხადების კონსტიტუციურობას ეხება.

დატოვე კომენტარი