ტატა ხვედელიანი - „ბიბისის“გამოძიებამ დაგვანახა, რომ საჭიროა, ჩატარდეს მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც დაადგენს გადადგმული ნაბიჯების სისწორეს, პასუხი გაეცემა კითხვებს, რომელიც სიუჟეტში დაისვა
„ბიბისის“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაგვანახა, რომ საჭიროა, ჩატარდეს საერთაშორისო, მიუკერძოებელი და თავისუფალი გამოძიება, რომელიც დაადგენს ყველა მიზეზს, გადადგმული ნაბიჯების სისწორეს, ასევე პასუხი გაეცემა შეკითხვებს, რომელიც ამ სიუჟეტში დაისვა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, პასუხი გაეცეს მოსახლეობის მიერ დასმულ შეკითხვებს.
„მაგალითად, გუშინ ვნახეთ ბატონი კობახიძე, როგორ საუბრობდა ამ საკითხთან დაკავშირებით. მან ფაქტობრივად არ უარყო, რომ წყლის ჭავლთან ერთად გამოყენებული იყო რაღაც ნივთიერება, თუმცა ის დაინტერესდა, გამოყენებული იყო თუ არა ეს კონკრეტული აკრძალული ნივთიერება. იბადება ძალიან ბევრი კითხვა. ვიცით, სტანდარტებიდან გამომდინარე, წყლის ჭავლთან ერთად მიზანშეწონილი არ არის და აკრძალულია სხვა ნივთიერებების გამოყენება. ყველაზე მნიშვნელოვან ეჭვებს ამ დღეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ქცევა ბადებს, რომელიც პანიკაშია. სრულიად პანიკაშია მთელი სახელმწიფო ვერტიკალი ჩავარდნილი. ვხედავთ სხვადასხვა პერიოდის მინისტრებს, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ბატონი გელაძე სხვა რამეს საუბრობს, ბატონი გომელაური – სხვა რამეს. ამბობენ, რომ მერაბიშვილის დროს იყო ნაყიდი ეს ნივთიერებები, ბატონი გელაძე საუბრობს, რომ არ იცოდა. ყველაფერი ეჭვს ბადებს, რასაც სჭირდება სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, რომელიც ყველაფერს გასცემს პასუხს“, – განაცხადა ხვედელიანმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი, რომ შეფასდეს, ოპოზიციაში არსებული აქტორები რა დავალებებს ასრულებენ ხოლმე.
„გუშინ ეთერში ვნახეთ პარტია „გირჩის“ გამოსვლა, რომელიც ფაქტობრივად „აპრავებს“ ამ შემთხვევას და იბადება ეჭვი, ხომ არ მიიღეს „გირჩის“ პარტიის წარმომადგენლებმა „ოცნებისგან“ დავალებები, რაღაცნაირად გამოიყვანონ ამ უხერხული და მძიმე სიტუაციიდან? „ოცნების“ ქმედებები და მათ მიერ მოწყობილი პანიკა გვაფიქრებინებს ამ ყველაფერს. დაზარალებული ადამიანებისგან გარკვეული დროის განმავლობაში გვესმოდა, მიუთითებდნენ რთულ და მძიმე მდგომარეობაზე ამ კონკრეტული საპოლიციო ღონისძიებები შემდეგ და როგორ შეიძლება, ამ ადამიანებმა დანამდვილებით იცოდნენ, რა იყო იქ გამოყენებული? ადამიანები აღწერენ საკუთარ მდგომარეობას, საკუთარ ვარაუდებს, ამას პასუხები უნდა გაეცეს საერთაშორისო, მიუკერძოებელი და თავისუფალი გამოძიების ჩატარების შემდეგ. საქართველოში ჩვენს საგამოძიებო სტრუქტურებს და სასამართლოს ნდობა არ აქვთ, შესაბამისად, ეს საქმე უნდა გამოიძიონ საერთაშორისო ინსტრუმენტებით. ჩვენი პოლიტიკური პარტია ვმუშაობთ, რომ ასეთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე სხვა ინსტრუმენტებიც გამოვიყენოთ და ჩვენი პოლიტიკური ძალის მხრიდან ამაზე რეაგირება მოხდეს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.