სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველებს შორის შეთანხმება შედგა
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრის დამსწრეებს, მათ შორის საპროტესტო აქციებში მონაწილეებს, გააცნეს გეგმა შეზღუდული ნებართვების სამართლიანი, ოპტიმალური განაწილებისა და ნებართვების გაცემის წესთან დაკავშირებით.
მათივე ცნობით, სააგენტოს ხელმძღვანელობამ გადამზიდველებს შესთავაზა, ამ პროცესში მონაწილეობის მიზნით, გადამზიდველთა კონსოლიდირება საერთო ორგანიზაციული ფორმით. გადამზიდავებმა აქცია შეწყვიტეს და მათი მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა სააგენტოსთან კოორდინირებულ თანამშრომლობაზე მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან შეზღუდული ტიპის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით.
„ჩვენ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გავაცანით სააგენტოს მიერ პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი ნებართვის კვოტების დადგენის პროცედურები, ასევე ამავე ქვეყნებიდან შეზღუდული, მესამე ქვეყანაში ან მესამე ქვეყნიდან გადაზიდვის ტიპის ნებართვების გადმოცემის სირთულეები“, – აღნიშნა სააგენტოს დირექტორმა.
ლევან გამყრელიძის ინფორმაციით, 18 მარტიდან ნებართვების გაცემა არა ქოლცენტრის მეშვეობით, არამედ განაცხადების საფუძველზე ხდება, შედგენილი სიებისა და გრაფიკის მიხედვით, რათა სააგენტოს მომსახურების ოფისებმა გადატვირთვის გარეშე შეძლონ საქმიანობა. ამასთან, პროცესის სრულად გამჭვირვალობის მიზნით, სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სააგენტოს მომსახურების ოფისებში ხდება იმ გადამზიდველთა სიების განთავსება, რომლებზეც ნებართვა გაიცემა.