პოლონეთის მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია გადამზიდავებთან, რომლებსაც უკრაინასთან საზღვარზე რამდენიმე გამშვები პუნქტი ნოემბრიდან ჰქონდათ გადაკეტილი
პოლონეთის მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია გადამზიდავებთან, რომლებსაც უკრაინასთან საზღვარზე რამდენიმე გამშვები პუნქტი ნოემბრიდან ჰქონდათ გადაკეტილი

პოლონეთის მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია გადამზიდავებთან, რომლებსაც უკრაინასთან საზღვარზე რამდენიმე გამშვები პუნქტი ნოემბრიდან ჰქონდათ გადაკეტილი. შეთანხმების მიხედვით, სატვირთო მანქანის მძღოლები პროტესტს პირველ მარტამდე შეწყვეტენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ პოლონეთის ინფრასტრუქტურის მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

პოლონელი მძღოლები ითხოვენ, რომ ევროკავშირმა აღადგინოს ნებართვების სისტემა უკრაინული კომპანიებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე ოპერირებისთვის და ევროპელი მძღოლებისთვის – უკრაინაში ოპერირებისთვის.

ინფრასტრუქტურის მინისტრის, დარიუშ კლიმშჩაკის განცხადებით, სატვირთო მანქანების მძღოლებთან მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„ჩვენ შევათანხმეთ გარკვეული პირობები. ჩვენ მივცემთ მთავრობას დროს სამუშაოდ, ვინაიდან ეს არის ახალი მთავრობა“, – განაცხადა მძღოლების გაერთიანების წარმომადგენელმა, ტომაშ ბორკოვსკიმ.

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ბლოკადას განაახლებენ ნებისმიერ დროს, თუკი შეთანხმების პირობები სრულად არ იქნება შესულებული.

როგორც მედია წერს, შეთანხმება ითვალისწინებს მძღოლების მდგომარეობის შესამსუბუქებლად პოლონეთისა და უკრაინის მიერ ერთობლივად შემუშავებული გეგმის განხორციელების მონიტორინგს, ასევე, გადამზიდავი კომპანიების ფინანსური დახმარების საკითხზე ევროკომისიასთან მოლაპარაკებებს. აგრეთვე, შეთანხმების თანახად, უნდა გამკაცრდეს უკრაინული სატვირთო მანქანების შემოწმება.