სახელმწიფო უწყებები კავშირგაბმულობის მომსახურებას ძველი პირობებით 30 ივნისამდე მიიღებენ
სახელმწიფო უწყებები კავშირგაბმულობის მომსახურებას ძველი პირობებით სავარაუდოდ 30 ივნისამდე მიიღებენ. შეტყობინება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„გეძლევათ რეკომენდაცია, ფიჭური სატელეფონო მომსახურების შესყიდვა გააგრძელოთ CON170000115 – კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებლებისაგან (შპს „მაგთიკომი“, შპს „ჯეოსელი“, შპს „ვიონი საქართველო“), ამავე ტენდერით გათვალისწინებული ტარიფებისა და პირობების შესაბამისად“, – წერია შეტყობინებაში.
როგორც ცნობილია, 2019-2020 წლების მომსახურებაზე ახალი კონსოლიდირებული ტენდერი მარტში გამოცხადდა და მასში მხოლოდ „ბილაინი“ მონაწილეობდა. სატენდერო კომისიამ ტენდერის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. დაანონსდა ბაზარზე არსებულ ოპერატორებთან საკონსულტაციო შეხვედრები და სატენდერო პირობების შესაძლო გადახედვა.
საუბარია სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული დაახლოებით 260 ათასი აბონენტის მომსახურებაზე.