კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის საფასური 100-ჯერ, 16 მილიონიდან 161 000-მდე შეუმცირა
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის საფასური 100-ჯერ, 16 მილიონიდან 161 000-მდე შეუმცირა

კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს“ „მაგთიფიქსის“ მომსახურების ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 000 ლარამდე შეუმცირა. კომუნიკაციების კომისიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიას №F10 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2029 წლამდე აქვს.

„კომუნიკაციების კომისიამ, „მაგთიკომის“ მოთხოვნით, კომპანია „ერნსტ ენდ იანგს“ რადიოსიხშირული რესურსით სარგებლობის ღირებულების დათვლა ბიზნესმეთოდოლოგიით დაუკვეთა. ახალი ტარიფით ლიცენზიის საფასური 100-ჯერ შემცირდა. აღსანიშნავია, რომ „მაგთიკომს“ ლიცენზიით სარგებლობის გადაანგარიშებული საფასურის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი აქვს და 161 000-დან მხოლოდ 15 000 ლარი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, რათა ლიცენზიით 2029 წლამდე ისარგებლოს.

„მაგთიფიქსის“ სერვისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, ვინაიდან ამ გეოგრაფიულ არეალში სხვა ალტერნატიული საკომუნიკაციო არხების მიღების პრობლემაა. სწორედ აქედან გამომდინარე, კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, „მაგთიკომს“ დამატებითი ვალდებულებები განუსაზღვრა. კერძოდ, მაგთიკომი ვალდებულია გააგრძელოს „მაგთიფიქსის“ მომსახურება ლიცენზიის ამოწურვამდე ან აბონენტების სრულ მიგრაციამდე, ან ქსელის სრულ გათიშვამდე, თუ მისი აღმოფხვრა შეუძლებელია კომპანიის ხელთ არსებული ქსელის კომპონენტების მეშვეობით“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.

მათივე ცნობით, „მაგთიკომმა“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას ჯერ კიდევ 2019 წელს წერილით მიმართა.

„მაშინ „მაგთიკომი“ მზად იყო, წელიწადში 100 ათასი ლარის საფასურად ლიცენზია შეენარჩუნებინა. 2019 წლის 14 ივნისს კომუნიკაციების კომისიამ, მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით, „მაგთიკომის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა. კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებით, „მაგთიკომს“ ლიცენზიის ღირებულება წელიწადში ნაცვლად 100 000 ლარისა, 2029 წლამდე ჯამში სულ 15 000 ლარი ექნება.

2019 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებაში კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომი“ დაავალდებულა, რომ „მაგთიფიქსის“ 100 000-ზე მეტი აბონენტი, რომლებიც კომპანიისგან მომსახურებას იღებდნენ, სერვისის გაუქმების შემთხვევაში, ორი წლის განმავლობაში ალტერნატიული მომსახურებით უზრუნველეყო. 2021 წლის 11 მარტის მონაცემებით, „მაგთიფიქსით“ 10 000-მდე აბონენტი კვლავ სარგებლობს, შესაბამისად, აღნიშნული სერვისის შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ აბონენტების მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან სოფლებში ცხოვრობენ.

აღსანიშნავია, რომ კომუნიკაციების კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილების პარალელურად, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ლიცენზიის საფასური 100-ჯერ შეუმცირდა, „მაგთიკომმა“ „მაგთიფიქსის“ ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით კომისიას კვლავ მიმართა. კომუნიკაციების კომისია კომპანიის მოთხოვნას კანონით დადგენილ ვადებში განიხილავს“, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.