სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გია გაჩეჩილაძის მიერ კომპანია “სიტროენ ჯორჯიას” ტენდერიდან მოხსნასთან დაკავშირებულ განცხადებას ეხმაურება.
ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:
“სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოქალაქე გიორგი გაჩეჩილაძის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც შეეხებოდა ცალკეული შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ კომპანია „სიტროენ ჯორჯიის“ მიმართ, მისი მოსაზრებით, განხორციელებულ არამართლზომიერ და დაუსაბუთებელ ქმედებებს, აღნიშნავს: 2017 წლის 7 აპრილს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა NAT170003873 ელექტრონული ტენდერი 10 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესყიდვის მიზნით. შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 1 723 170 ლარი.
ელექტრონულ ტენდერში ყველაზე დაბალი სატენდერო წინადადების ფასი – 1 437 172 ლარი წარადგინა შპს „სიტროენ ჯორჯიამ“ (ს/კ: 402033839). შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის 2017 წლის 10 მაისის №3 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო, რაც ამ პრეტენდენტმა გაასაჩივრა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში. ამ უკანასკნელმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პრეტენდენტის საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. სატენდერო კომისიის 2017 წლის 16 ივნისის №4 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ კვლავ მიეცა დისკვალიფიკაცია, თუმცა ამჯერად ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება პრეტენდენტმა კვლავ გაასაჩივრა საბჭოში, რომელმაც კვლავ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და სატენდერო კომისიას დაავალა სადავო სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვა. საბოლოოდ, სატენდერო კომისიის 2017 წლის 13 ივლისის №5 სხდომის ოქმით შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მიეცა დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შეუსაბამობის გამო, რაც გამოხატულ იქნა შემდეგში: სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის თანახმად პრეტენდენტებს უნდა წარედგინათ „სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის შიდა აღჭურვის განმახორციელებელი სპეციალიზირებული საწარმო/ქარხნის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერთიფიკატი/სერთიფიკატები“. უნდა აღინიშნოს, რომ შიდა აღჭურვას, შპს „სიტროენ ჯორჯიის“ სატენდერო წინადადების თანახმად, ახორციელებდა შპს „ავტოსპეცპრომი“. შესაბამისად, არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და სერტიფიკატი/სერტიფიკატები წარდგენილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული კომპანიის შესახებ. საგულისხმოა, რომ შპს „ავტოსპეცპრომის“ სახელზე გაცემული „ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა სერტიფიკატი სტანდარტების EN ISO შესაბამისად“ ძალაში იყო 2016 წლის 14 აგვისტომდე (ე. ი. იმ მომენტისათვის არ იყო ვალიდური), ისევე, როგორც არ დგინდებოდა 5-წლიანი გამოცდილების დასადასტურებლად წარდგენილი სხვა დოკუმენტებში მითითებული ინფორმაციის უტყუარობა/ნამდვილობა, რაც გახდა შპს „სიტროენ ჯორჯიის“ დისკვალიფიკაციის საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველი და, შესაბამისად, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრული დაცვით. გვსურს საზოგადოების ყურადღება მივაპყროთ აგრეთვე იმ ფაქტს, რომ შპს „სიტროენ ჯორჯიას“ მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სახელმწიფო შესყიდვაში, თუმცა აღსანიშნავია, რომ შედეგად იგი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გამო ოთხჯერ იქნა დარეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში (შავი სია).
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებები მიმწოდებელთან გაფორმდა არა მხოლოდ ელექტრონული ტენდერების, არამედ სატენდერო პროცედურების გარეშეც – გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, თუმცა მან ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გაართვა თავი მის მიერ აღებულ ვალდებულებებს. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ ყველა გადაწყვეტილება დღესდღეობით შესულია კანონიერ ძალაში, რამდენადაც შპს „სიტროენ ჯორჯიას“ ისინი, დადგენილი წესით, არ გაუსაჩივრებია სასამართლოში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
„უცნობმა“, გია გაჩეჩილაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს.
გიორგი გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილების ტენდერი კომპანია „სიტროინ ჯორჯიამ“ უსაფუძვლო მიზეზების გამო წააგო. მისივე ინფორმაციით, საქართველოში ტენდერებში სულ რამდენიმე კომპანია მონაწილეობს და ამ კომპანიების უკან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დგას.
სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობასთან დაკავშირებით „უცნობის“ მიერ გაკეთებული განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამოეხმაურა, როგორც პრემიერმა 1tv.ge-ს განუცხადა, პოლიტიკურ გუნდთან ერთად არის გარანტია, რომ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის მიერ მის მიმართ არსებულ ბრალდებებს დღესაც უპასუხა.
„გია გაჩეჩილაძეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება შეურაცხყოფად მიიღო და აღნიშნა, რომ მზადაა, ბოდიში მოიხადოს იმ შემთხვევაში, თუ მისი ბრალდებები არ დადასტურდება.