გია გაჩეჩილაძე - თუ დამნაშავე ვარ, ბოდიშს მოვიხდი
გია გაჩეჩილაძე - თუ დამნაშავე ვარ, ბოდიშს მოვიხდი

გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება შეურაცხყოფად მიიღო.

მისი თქმით, მზადაა, ბოდიში მოიხადოს იმ შემთხვევაში, თუ მისი ბრალდებები არ დადასტურდება.

„თუ დამნაშავე ვარ და არ ვიქნები მართალი, თუ ამიხსნიან არგუმენტირებულად, რატომ მოხდა ეს სიტუაციები რაც მოხდა, ბოდიშს მოვიხდი”,- აღნიშნავს გაჩეჩილაძე.

მედიასთან საუბარში მან სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში არსებული დარღვევებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მისი ოჯახი დაზარალდა.

“არ მინდა, რომ მთავრობაში რაიმე განხეთქილება დაიწყოს ჩემს გამო, არანაირი მოტივაცია არ მაქვს და არაფრისთვის არ ვიბრძვი. უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი ოჯახი არის დაჩაგრული, ახალგაზრდა ბიზნესმენმა დაიწყო ფულის შეკოწიწებით თავისი საქმე, წარმატებულად, მიჰყავდა ხუთიანზე და მოუწყვეს ისეთი რაღაცა, რაც მოუწყვეს, ამას ვდავობ, მეტს არაფერს“, – აღნიშნა უცნობმა.

„უცნობის” თქმით, ტყუილია ინფორმაცია,  რომ კომპანიის ტენდერში დამარცხების მიზეზი წარსულში დაფიქსირებული ვადაგადაცილებები იყო.

“როდესაც შეისწავლიან ამ საქმეს, თუ მე აღმოვჩნდები მტყუანი, ბოდიშს მოვიხდი საჯაროდ”, – აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

რაც შეეხება კითხვას, აპრილის თვეში გამოცხადებულ ტენდერზე ახლა რატომ დაიწყო დავა, გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ამ დრომდე მასალებს აგროვებდა და მუშაობდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის, „უცნობის“ მიერ მის მიმართ არსებულ ბრალდებებს დღეს უპასუხა.

„გია გაჩეჩილაძეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და თუ დადასტურდება მთავრობის ბრალეულობა, მზად ვარ, დავტოვო თანამდებობა, ხოლო თუ დადასტურდება, რომ ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში, გამობრძანდეს და ბოდიში მოუხადოს ყველას, მათ შორის მეც და ტარიელ ხეჩიკაშვილსაც“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.