სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, სტუდენტთა სწავლის საფასური გრანტის ფარგლებში განსაზღვრონ
2022-2023 სასწავლო წლის ჩათვლით, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებული იქნებიან, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური განსაზღვრონ მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების ფარგლებში. შესაბამისი ცვლილებები მთავრობამ მოამზადა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული განისაზღვრება 2,250.0 ლარის ოდენობით. მთავრობა აცხადებს, რომ ამ ვალდებულების გაჩენის მიზეზია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მოსახლეობის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე პერიოდისთვის უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებზე, კერძოდ კი, არაქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე, განსაკუთრებით, მედიცინის მიმართულებით მოქმედ საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხო ქვეყნის ქვეყნის მოქალაქეებისთვის სწავლის საფასური აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას.
მთავრობა განმარტავს, რომ აღნიშნულ პროგრამებზე საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვის შემთხვევაში, აღნიშნული გარემოება, ფინანსური კუთხით, გარკვეულ გავლენას იქონიებს შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირებზე, რადგან სწავლის საფასური აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობას.