სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ გახსნა და კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე და მათ მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღეს, ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა აღნიშნა, სამსახურის ამოცანაა ახალმა კანონმა პერსონალური მონაცემების დაცვის კიდევ უფრო ქმედითი მექანიზმები შექმნას, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება.

„აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესში არასამთავრობო სექტორის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პერსონალური მონაცემების არასწორი დამუშავება, ნეგატიურად აისახება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, მათ პირად ცხოვრებაზე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ნეგატიური შედეგები მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული“, – აღნიშნა ლონდა თოლორაიამ.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი კლდიაშვილმა პერსონალური მონაცემების დაცვის ძლიერი საკანონმდებლო გარანტიების არსებობას გაუსვა ხაზი და პერსონალური მონაცემების დაცვასა და გამოხატვის თავისუფლებას/ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შორის თანაზომიერი ბალანსის დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.