სახელმწიფო ენის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სწორი გამოთქმაა კატარი და არა ყატარი
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია არაბული ენის ბგერითი სისტემის ქართულად ტრანსკრიფცია-ტრანსლიტერაციის სახელმძღვანელო წესები, რომელშიც არაბული ენის თითოეული ბგერისთვის ქართულ ენაში ფონეტიკური ეკვივალენტია განსაზღვრული, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ავრცელებს.
„არაბული ბგერა – ق (კაფი) ფონეტიკურად ხასიათდება, როგორც უვულარული, ყრუ, ხშული. მას ქართულში ზუსტი შესატყვისი არ აქვს. ფონეტიკური თვალსაზრისით, იგი ყველაზე ახლოსაა ქართულ უკანა სასისმიერ, გლოტალიზებულ ყრუ, ხშულ თანხმოვან კ-სთან. არაბული ენის ბგერა ق ქართულში უნდა გადმოვიდეს, როგორც კ. ამიტომ სწორია კატარი და არა ყატარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამავე წესით არის ქართულში შემოსული და დამკვიდრებული საზოგადო სახელები: რუკა, ბუკი, კეფა, შაკიკი, ლუკმა, ტაბაკი და სხვა. თუ არაბული სიტყვა ქართულში სხვადასხვა ენის (მაგ. სპარსული, თურქული) გავლით არის შემოსული, მაშინ ق – კაფს შეიძლება, შეესატყვისებოდეს ყ, ღ ან ხ ფონემებიც.