სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ინფორმირებულნი არიან ყოფილ ამერიკელ საზღვაო ქვეით ტრევორ რიდის უკრაინაში დაშავების შესახებ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იცის, რომ ტრევორ რიდი, ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი, რომელიც დააკავეს რუსეთში და შემდეგ გაათავისუფლეს გასულ წელს პატიმრების გაცვლის შედეგად, დაშავდა უკრაინაში ბრძოლის დროს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანთ პატელმა განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ ტრევორ რიდი არ იყო ჩართული არანაირ საქმიანობაში აშშ-ის მთავრობის სახელით.
ყოფილი ამერიკელი საზღვაო ქვეითი არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით გერმანიაში სამედიცინო დახმარებისთვის გადაიყვანეს.
„ამ ომის დაწყებიდან ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ, რომ აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც მიემგზავრებიან უკრაინაში, განსაკუთრებით, იქ ბრძოლაში მონაწილეობის მიზნით, ემუქრებათ მნიშვნელოვანი რისკები, მათ შორის დატყვევების, ან სიკვდილის, ან ფიზიკური ზიანის რისკი. ჩვენ მკაფიოდ ვაფრთხილებთ აშშ-ის მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ უკრაინაში, რომ აღარაფერი ვთქვათ იქ ბრძოლებში მონაწილეობის მიღებაზე“, – თქვა ვედანთ პატელმა.