სახელმწიფო დეპარტამენტი - რუსეთის გადაწყვეტილება არის პრეზიდენტ პუტინის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ნორმებისადმი აშკარა უპატივცემულობის მორიგი მაგალითი
ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარება არის რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმა და აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონის ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობა. როგორც აღვნიშნეთ, როდესაც დუმამ პირველად გააკეთა თავისი მიმართვა: ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებზე მთლიანად უარის თქმას, პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის გამოცხადებულ ერთგულებას დიპლომატიისადმი და არის აშკარა თავდასხმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფოებს გააჩნიათ ვალდებულება, არ აღიარონ მუქარის ან ძალის გამოყენების შედეგად შექმნილი ახალი „სახელმწიფო“, ასევე ვალდებულება, არ დაარღვიონ სხვა სახელმწიფოს საზღვრები.
„რუსეთის გადაწყვეტილება არის პრეზიდენტ პუტინის მიერ საერთაშორისო სამართლისა და ნორმებისადმი აშკარა უპატივცემულობის მორიგი მაგალითი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი გამოსცემს აღმასრულებელ განკარგულებას, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის მოქალაქეების მხრიდან უკრაინის ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებში ან რესპუბლიკებიდან.
„გავაგრძელებთ უკრაინასთან და ჩვენს მოკავშირეებთან, პარტნიორებთან კოორდინაციას შესაბამისი ნაბიჯების გადასადგმელად, რათა ვუპასუხოთ რუსეთის არაპროვოცირებულ და მიუღებელ ქმედებას. აღმასრულებელი განკარგულება მიმართულია იმისკენ, რათა არ მისცეს რუსეთს საშუალება, მიიღოს სარგებელი საერთაშორისო სამართლის ამ უხეში დარღვევისგან. ის არ არის მიმართული უკრაინელი ხალხისა ან უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ და აძლევს საშუალებას აღნიშნულ რეგიონებში გაგრძელდეს ჰუმანიტარული და სხვა მსგავსი საქმიანობა. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე უკრაინის მთავრობისა და მოსახლეობისადმი ურყევია. ჩვენ ვდგავართ ჩვენი უკრაინელი პარტნიორების გვერდით და მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებას“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.