სახელმწიფო დეპარტამენტი - მივესალმებით თურქეთისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, დაარწმუნონ რუსეთი, რომ „მარცვლეულის შეთანხმებას“ დაუბრუნდეს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება თურქეთის ძალისხმევას „მარცვლეულის შეთანხმების“ აღდგენასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებებს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ცვლილებები არ მოჰყოლია, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
„მივესალმებით თურქეთისა და სხვა ქვეყნების ძალისხმევას, დაარწმუნონ რუსეთი, რომ შეთანხმებას დაუბრუნდეს. ჩვენ ვთანამშრომლობთ გაერო-სთან და თურქეთთან, რომლებიც მუშაობდნენ იმისთვის, რომ შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა შესაძლებელი და ეფექტური ყოფილიყო“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა მადლობა გადაუხადა თურქეთს „მისი მნიშვნელოვანი დიპლომატიური და ოპერატიული ძალისხმევისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს ახალი შეთანხმების მიღწევას.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სოჭში თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ „შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის აღდგენა მხოლოდ რუსული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ იქნება შესაძლებელი“.