ანზორ ჩუბინიძე - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იქცა კომპეტენტურ ორგანიზაციად, რომელსაც შეუძლია, წარმატებით გადაწყვიტოს მის წინაშე მდგარი ამოცანები
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაარსებიდან 24 წლისთავს აღნიშნავს. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო მოედანი გახსნა.
დღესვე გაიმართა საერთაშორისო ჩემპიონატის – „პირადი მცველი 2018“ საზეიმო გახსნის ცერემონია.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, ჩემპიონატის გახსნა სამსახურის დაარსებიდან 24 წლისთავს ეძღვნება.
„ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილებითა და გატარებული რეფორმების შედეგად, ეს სამსახური იქცა კომპეტენტურ ორგანიზაციად, რომელსაც ძალუძს, წარმატებით გადაწყვიტოს მის წინაშე მდგარი ამოცანები. ამ დღეს დაემთხვა ჩვენი ახალი საფეხბურთო მოედნისა და „პირადი მცველი – 2018“-ის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი. მინდა, მადლობა გადავუხადო სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მათ მიერ გაწეული კეთილსინდისიერი საქმიანობისთვის და წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
ღონისძიებას მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი და თბილისის მერი კახა კალაძე დაესწრნენ.
დედაქალაქის მერმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელთა წარმომადგენლებმაც პირადი მცველის საერთაშორისო ფედერაცია ჩამოაყალიბეს.
„ძალიან საინტერესო ღონისძიებაა და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქალაქში ტარდება ასეთი ღონისძიება. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნის გუნდი, მათ შორის ჩვენი გუნდი, რომელიც ყოველთვის მონაწილეობს სხვადასხვა შეჯიბრებებში. დღევანდელ დღესაც მინდა მათ წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პირად მცველთა ჩემპიონატი 1999 წლიდან ყოველწლიურად იმართება. მისი მიზანი ამ პროფესიის პოპულარიზაცია და უსაფრთხოების სფეროში მიღებული პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებაა.
წელს ასპარეზობა 8 საშეჯიბრო სახეობაში იმართება და მასში მონაწილეობას 10 ქვეყნის სახელმწიფო და კერძო დაცვის სამსახურების 16 გუნდი იღებს.