სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა კანონის შესაბამისად მოეხსნა 
სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ გიორგი მარგველაშვილს სახელმწიფო დაცვა კანონის შესაბამისად მოეხსნა 

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონის აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს ინაუგურაციის დღიდან ენიშნება დაცვა, რომელიც უნარჩუნდება ერთი წლის ვადით უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი.

„კანონის მე-5 მუხლის მე-4 პრიმა პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადის გასვლიდან ერთი წლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი წლის შემდეგ, პერსონალური დაცვა შეიძლება დაენიშნოს/გაუგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ მისი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება;

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სახელმწიფო დაცვა მოეხსნა სწორედ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონის აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად.

ამასთან, შენარჩუნდება ოპერატიული ზედამხედველობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის საცხოვრებელ სახლზე, რის შესახებაც მუდმივად ინფორმირებული იქნება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური დაუყოვნებლივ იმოქმედებს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად“, – აღნიშნულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფორმაციაში.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს  „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას დაცვა გაუუქმეს. „ეს იყო გზააბნეული „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ძირი გამოუთხარონ პრეზიდენტის ინსტიტუტს“, – წერს მარგველაშვილი.