სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელმა, ირაკლი როსტომაშვილმა გინესის სარეკორდო შედეგი დააფიქსირა
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელმა, ირაკლი როსტომაშვილმა აზიდვებში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა და გინესის სარეკორდო შედეგი დააფიქსირა.
27 წლის ირაკლი როსტომაშვილმა 13 ივნისს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სასწავლო ცენტრის ბაზაზე გამართულ სარეკორდო გამოსვლაში, 1 წუთში 45,6 კილოგრამიანი ზურგჩანთით 49 აზიდვა შეასრულა, რაც ახალი მსოფლიო რეკორდია.
როსტომაშვილის ახალი რეკორდი საქართველოს რეკორდების ფედერაციამ დააფიქსირა. რეკორდსმენის მიერ ნაჩვენები შედეგები აღიარებისთვის ოფიციალურად გაიგზავნება გინესის მსოფლიო რეკორდების ოფისში.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სიმძიმით განხორციელებული წინა რეკორდები ამერიკელ რონ კუპერს (45 აზიდვა) და ნორვეგიელ სვერ დიესენს (40 აზიდვა) ეკუთვნოდათ.
ირაკლი როსტომაშვილის სარეკორდო გამოსვლის ორგანიზატორები იყვნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და საქართველოს რეკორდების ფედერაცია, მხარდამჭერი კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო.