სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში სემინარი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნება
ევროპის დღეების ფარგლებში სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დღეს სემინარი სახელწოდებით „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნება.
მიწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ფელიქს ჰეტი, ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე.
სემინარის მოდერატორი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ნინო ბოლქვაძე იქნება.
სემინარის მუშაობაში მონაწილობას მიიღებს 150-მდე მასწავლებელი დედაქალაქიდან და რეგიონებიდან, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ინფორმაციას მიიღებენ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე.
პროექტი სსიპ-ის „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“, ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ფრიდრიხ ებერტის ფონდისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით მეექვსე წელია, ხორციელდება.
პროექტი პედაგოგების მიერ მთელი წლის განმავლობაში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას ითვალისწინებს. სემინარის გახსნაზე საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართება.
„ევროპის დღეები 2019“ 5 მაისს დაიწყო და მაისის ბოლომდე გაგრძელდება.