სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობას მოუწოდებს, „ვალის მართვის სტრატეგია“ განაახლოს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მთავრობას მოუწოდებს, „ვალის მართვის სტრატეგია“ განაახლოს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, დასკვნა გამოაქვეყნა.

აუდიტის სამსახური მთავრობას „ვალის მდგრადობის ანალიზის“ განახლებისკენ მოუწოდებს.

როგორც უწყების დასკვნაში წერია, პანდემიით გამოწვეული ახალი ეკონომიკური რეალობიდან და არაპროგნოზირებადი გარემოდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დოკუმენტი მოიცავდეს მოვლენების სხვადასხვა მიმართულებით განვითარების ეკონომიკურ სცენარებს.

კორექტირებული ბიუჯეტით, არსებულ გეგმასთან შედარებით, სახელმწიფო ვალის მოცულობა 5 მილიარდი ლარით იზრდება და 28.4 მილიარდ ლარს უტოლდება.

ვალთან დაკავშირებით აუდიტორები რამდენიმე საკითხზე ამახვილებენ ყურადღბას.

„საშინაო ვალდებულებები იზრდება 650 მლნ ლარით და 1.8 მლრდ ლარს უტოლდება, საიდანაც 600 მლნ ლარი მიმართული იქნება კომერციული ბანკებისთვის გრძელვადიანი ლარის მიწოდების ინსტრუმენტის ამოქმედებისათვის.

მსგავსი ინსტრუმენტი პირველად გამოყენებულ იქნა 2014-2015 წლებში.

შესაბამისად, მიზანშეწონილია, კანონპროექტში წარმოდგენილი იყოს როგორც წინა წლებში ამ ინსტრუმენტის გამოყენებით მიღებული სარგებლის შეფასება და დამდგარი ეკონომიკური ეფექტი, ასევე დამატებითი ინფორმაცია და ანალიზი ინსტრუმენტის მახასიათებლებისა და მათი ეკონომიკურ გარემოზე მოსალოდნელი გავლენის შესახებ.

საშინაო და საგარეო ვალის ზრდის პარალელურად, გაიზარდა „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული მთავრობის ვალის მაჩვენებელი, მშპ-ის 43.8 პროცენტიდან 55.7 პროცენტამდე და მიუახლოვდა კანონით დადგენილ 60-პროცენტიან ზღვარს.

საყურადღებოა, რომ აღნიშნული მაჩვენებელი არ ითვალისწინებს სახელმწიფო სექტორად დაკლასიფიცირებული საწარმოების ვალდებულებებს.

ასევე, მაჩვენებელი განსაკუთრებით მგრძნობიარეა ლარის გაცვლითი კურსის მიმართ სხვა ვალუტებთან, რადგან მთავრობის ვალის 78 პროცენტს საგარეო ვალი შეადგენს“, – წერია აუდიტის დასკვნაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული,  ვალის ზრდის მიუხედავად, ბიუჯეტის კორექტირების პროექტს არ ახლავს თან არც ვალის მდგრადობის ანალიზი და არც ფისკალური რისკების ანალიზი, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხარვეზად მიიჩნევს და მთავრობას ამ დოკუმენტების განახლებისკენ მოუწოდებს.

„თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით, ვალის მოცულობა საგრძნობლად იზრდება და უახლოვდება კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, ასევე ირღვევა ბიუჯეტის ბალანსის წესი (ბიუჯეტის დეფიციტი), ხოლო ეკონომიკური გარემო ნაკლებად პროგნოზირებადია, მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის პროექტში წარმოდგენილი იყოს განახლებული „მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი“ (DSA), რომელიც სხვადასხვა რისკ-ფაქტორის გამოყენებით შეაფასებს მთავრობის შესაძლებლობას მოემსახუროს დაკისრებულ ვალდებულებებს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში.

გასათვალისწინებელია, რომ მოსალოდნელზე უარესი ეკონომიკური სცენარის განვითარების შემთხვევაში, არსებული ფისკალური ბუფერი შეიძლება არ აღმოჩნდეს საკმარისი საშუალოვადიანი პერიოდის საჭიროებების დასაფინანსებლად. აღნიშნული ზრდის იმის რისკს, რომ დამდგარი საჭიროებები დაფინანსებული იქნება დამატებითი ვალის აღებით.

შესაბამისად, მთავრობის ვალის მდგრადობის უზრუნველსაყოფად, აუცილებელია, ფინანსთა სამინისტრომ არსებული ცვლილებებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, განაახლოს „მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია“ საშუალოვადიანი პერიოდისათვის, რომელშიც ასახული იქნება მთავრობის ხედვა, თუ როგორ დაუბრუნდება მთავრობის ვალის პორტფელი კრიზისის პერიოდამდე არსებულ ნიშნულს“, – აღნიშულია სახელმწიფო აუდიტის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში.