გიორგი მღებრიშვილი - სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მაქსიმალურად ვამკაცრებთ სანქციებს
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე მაქსიმალურად ვამკაცრებთ სანქციებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კანონში იგეგმება ისეთი ცვლილების შეტანაც, რომელიც შესამოწმებელი ობიექტების ჩამონათვალს გააფართოებს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები აქტიურად ამოწმებენ სხვადასხვა ობიექტზე უსაფრთხოების სტანდარტებს. ჩვენ პრიორიტეტად ავიღეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, საგანმანათლებლო ობიექტები. მინდა გითხრათ, რომ დაწერილია არაერთი ჯარიმა, გაცემულია არაერთი რეკომენდაცია, მიცემულია გონივრული ვადები სიტუაციის გამოსასწორებლად. უახლოეს პერიოდში ვაპირებთ გავასაჯაროოთ იმ ობიექტების ნუსხა, სადაც მეტნაკლებად არის ამ მიმართულებით რისკები. ასევე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი გვაქვს მომზადებული, სადაც მაქსიმალურად ვამკაცრებთ სანქციებს. ვფიქრობ, რომ არამარტო ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენი ქვეყნის სტუმრებსაც აქვთ უფლება, იცოდნენ ობიექტების შესახებ, რათა უფრო მეტად იყოს დაცული მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე“, – განაცხადა მღებრიშვილმა.