სახალხო დამცველმა მედიასთან დაკავშირებით პოსტი ჩაასწორა და გიგი უგულავას შესახებ კომენტარში საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაამატა
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მედიასთან დაკავშირებით პოსტი ჩაასწორა და „იმედის“ ჟურნალისტებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩაამატა.
ამასთან, წინა პოსტის მსგავსად, სახალხო დამცველი კვლავ აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, გიგი უგულავას მიმართვა ჟურნალისტებისადმი არ იყო ეთიკური, თუმცა კომენტარი არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს.
„რამდენიმე მედიასაშუალება აქტიურად გვიკავშირდება, სურთ სახალხო დამცველის კომენტარი ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკოს გიგი უგულავას მიერ იმედის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ შეფასებებზე.
პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ძალიან დაძაბულ ვითარებაში უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ მოვლენებს. ბევრი მათგანი დაშავდა და დაუზიანდათ აპარატურა, რაც აუცილებლად უნდა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი!
სამწუხაროდ, ხშირია პოლიტიკოსების, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი მიმართვები, რაც ჩემთვის მიუღებელია და ცდება პოლიტიკური ეთიკის და კულტურის ფარგლებს. სწორედ ისინი უნდა აძლევდნენ საზოგადოებას ჟურნალისტებთან ურთიერთობის მაგალითს.
რაც შეხება ამ კონკრეტული ინციდენტის სამართლებრივ შეფასებას, გიგი უგულავას მიმართვაც არ იყო ეთიკური, თუმცა, კომენტარი არ გაცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს, რა შემთხვევაშიც, ჩვენ აუცილებლად გვექნებოდა და გვექნება მომავალშიც რეაგირება.
კიდევ ერთხელ, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკოსს, მიუხედავად დაძაბულობისა, პატივი სცენ მედიის წარმომადგენლებს და ხელი შეუწყონ მათ უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში მუშობას!“ – წერს სახალხო დამცველი „ფეისბუქზე“.
ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამედ ჩვენი ჟურნალისტები ოპოზიციის ცალკეული ლიდერების მხრიდან მუქარის, შეურაცხყოფისა და მძიმე ბრალდებების სამიზნეები გახდნენ.
ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განცხადება გაავრცელა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებს, დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) მიმართა.