თავდასხმა საქართველოს პირველ არხზე

ქვეყანაში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე საქართველოს პირველი არხის მიმართ თავდასხმები აქტიურდება.

ბოლო ერთ კვირაში უკვე მესამედ ჩვენი ჟურნალისტები ოპოზიციის ცალკეული ლიდერების მხრიდან მუქარის, შეურაცხყოფის და მძიმე ბრალდებების სამიზნეები ხდებიან. ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა გუშინ ცესკო-სთან მოხდა, როცა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ მისთვის არასასიამოვნო კითხვის პასუხად „მოამბის“ ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში სუს-ის წარმომადგენელი უწოდა. კახა ოქრიაშვილის შემდეგ კი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაძლო გაუქმებას ამჯერად გიორგი კანდელაკი აანონსებს და არხის ჟურნალისტებს შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მიმართავს. თუმცა, პირველი არხი უწყვეტ რეჟიმში, პირდაპირ ეთერში აშუქებს ყველა მოვლენას და სვამს კითხვებს, რომლებიც მხოლოდ ფაქტებს ემყარება.

საქართველოს პირველი არხის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ არხის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში და აცხადებენ, რომ თავდასხმები რეაგირების გარეშე არ დარჩება. ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან პირველი არხისა და მისი ჟურნალისტების მიმართ გამოთქმული ბრალდებებისა და მუქარის შემცველი განცხადებების გამო,  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საერთაშორისო საზოგადოებას უკვე მიმართა. მაუწყებელი მოუწოდებს დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ევროპის მაუწყებელთა კავშირს, ყურადღებით დააკვირდნენ საქართველოში მიმდინარე პროცესების დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე ზემოქმედების, დაშინებისა და მათ საქმიანობაში უხეში ჩარევის უტყუარ ფაქტებს.