სახალხო დამცველი - საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი მიდგომები ხელს უშლის საგამოძიებო პროცესს
საქართველოს სახალხო დამცველის არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ძალადობრივი ფაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც უჩა ნანუაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, ხოლო მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისკენ მიმართული ღონისძიებები, ომბუდსმენის თქმით, არასაკმარისია.
„მწუხარებას გამოვთქვამ 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი ძალადობრივი ფაქტის შედეგად ორი არასრულწლოვანის გარდაცვალების გამო. ვიზიარებ მათი ოჯახებისა და ახლობლების ენით აუწერელ ტკივილსა და მწუხარებას.
სამწუხაროდ, არასრულწლოვანი, მისი საუკეთესო ინტერესები და კეთილდღეობა სახელმწიფოს განსაკუთრებული ყურადღების მიღმაა დარჩენილი, შესაბამისად, ბავშვი კვლავ საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი წევრია.
მაღალია ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი, ხოლო მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და დახმარებისკენ მიმართული ღონისძიებები არასაკმარისია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს; სისტემური მიდგომის გზით უნდა შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება და დამოკიდებულება.
ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის მიმართულებით განსაკუთრებული როლი ენიჭებათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, რადგან მათ უმთავრეს მოვალეობას ბავშვის პიროვნული განვითარება და განათლება წარმოადგენს, არამხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე და საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობისას, არამედ ზოგადად, ბავშვის მიმართ ოჯახში თუ სხვა ფორმის ძალადობის გამოვლენის, მხარდაჭერის და შესაბამისი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით“,- აღნიშნულია განცხადებაში.
უჩა ნანუაშვილის თქმით, ბავშვისადმი ძალადობრივი დამოკიდებულების დაძლევისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით ოჯახისა და საზოგადოების როლი მნიშვნელოვანია.
„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016-2017 სასწავლო წელს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე განხორციელებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ ბულინგი არასრულწლოვანთა შორის ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს ძალადობის ამ ფორმის პრევენციის ერთიანი ხედვა. ამასთან დაბალია ბავშვთან მომუშავე პროფესიონალთა ცნობიერება ბავშვის მიმართ ძალადობის ფორმებისა და არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ.
მნიშვნელოვანია ოჯახისა და საზოგადოების როლი ბავშვისადმი ძალადობრივი დამოკიდებულების დაძლევისა და ძალადობის პრევენციის მიმართულებით. აუცილებელია ბავშვთან საუბარი, მისი პრობლემების, მიღწევებისა თუ ყოველდღიური საქმიანობის გაცნობა, გაზიარება და თანამონაწილეობა. სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემას წარმოადგენს მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის ამგვარი ფორმების დამკვიდრება, საზოგადოება კი ხშირად თვალს ხუჭავს ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტებზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია მომხდარი შემთხვევის დროული და ეფექტიანი გამოძიება და თვითმხილველთა და მოწმეთა თანამშრომლობა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი მიდგომები ხშირ შემთხვევაში ხელს უშლის აღნიშნულ პროცესს. აუცილებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სწორი მიმართულება მიეცეს მომხდარი შემთხვევის განხილვას; გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები არაძალადობრივი კულტურის დამკვიდრების, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევათა პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების მიმართულებით.
დაბოლოს, მედიასაშუალებებს განუზომელი როლი აკისრიათ ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლის საქმეში. სწორედ ამიტომ, ასეთი შემთხვევები ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული მიდგომებისა და არსებული მდგომარეობის მიღმა, ზოგადი კონტექსტის მიმოხილვით უნდა გაშუქდეს, რათა ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი დისკურსის შექმნას“,- აცხადებს სახალხო დამცველი.