საკანონმდებლო მაცნე ეროვნული უმცირესობების ენებზე კანონმდებლობის თარგმნისა და ძველი ნორმატიული აქტების გაციფრულების პროცესს განაგრძობს
საკანონმდებლო მაცნე ეროვნული უმცირესობების ენებზე კანონმდებლობის თარგმნისა და ძველი ნორმატიული აქტების გაციფრულების პროცესს განაგრძობს

საბჭოთა პერიოდის შემდგომ მიღებული კანონმდებლობის გაციფრულება კვლავ რჩება იუსტიციის სამინისტროს საქმიანობის ძირითად მიმართულებად. ამ მიმართულებით 2022 წელს შესრულებული სამუშაო იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში სიტყვის გამოსვლისას შეაჯამა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წელს გაციფრულდა 14 286 გვერდი იმ ნორმატიული აქტებისა, რომლებიც 1990 წლის შემდეგ არის გამოცემული/მიღებული და აქამდე მხოლოდ ბეჭდური სახით იყო ხელმისაწვდომი. ამჟამად მიმდინარეობს ხსენებული გაციფრულებული 650-მდე ნორმატიული აქტის საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე ეტაპობრივი განთავსების პროცესი. საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე განთავსებულია აფხაზურ, ოსურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ნათარგმნი ათეულობით ნორმატიული აქტი.

„მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონების ცოდნა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა ამ ქვეყნის სამართლებრივ სისტემაში შეძლონ სრულფასოვნად ორიენტაცია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ნათარგმნ საკანონმდებლო აქტებს შორისაა საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეობის შესახებ“; საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო ენის შესახებ“; საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“; საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა აქტუალური აქტები. ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საპროცესო კოდექსების თარგმნის პროცესი.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.