საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი, ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი იწყება
საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი, ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი იწყება

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი იწყება. როგორც საქართველოს პირველ არხს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ქვეყნის მასშტაბით დღეს 55 000-მდე პირველკლასელი იწყებს სწავლას. მათგან საჯარო სკოლებში 48 254, ხოლო კერძო სკოლებში 6 067 მოსწავლე დარეგისტრირდა.

საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელსა და კლასის დამრიგებლებს უფასოდ დაურიგდათ განახლებული სპეციფიკის „ბუქები“, რომელშიც ორჯერ გაზრდილია ოპერატიული მეხსიერება და ორჯერ გაზრდილია მყარი დისკის მოცულობა, რაც საშუალებას იძლევა, ჩაიტვირთოს თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები.

ყველა პირველკლასელს საჩუქრად გადაეცა იაკობ გოგებაშვილის განახლებული „დედა ენა“.

იაკობ გოგებაშვილის „დედაენასთან“ ერთად, სკოლებში კიდევ სამი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოა. სკოლა თავად წყვეტს, რომელ სახელმძღვანელოს გამოიყენებს მოსწავლეებისთვის წერა-კითხვის შესასწავლად. ამასთან, შესაძლებელია, სკოლამ რომელიმე გრიფმინიჭებული წიგნი სწავლების პროცესში ძირითად სახელმძღვანელოდ აიღოს, ხოლო გოგებაშვილის „დედა ენა“ დამატებითი სასწავლო რესურსის სახით გამოიყენოს.

არაქართულენოვანი სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ითარგმნება ახალი სახელმძღვანელოები აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. მოსწავლეებს დაურიგდებათ 112-ის სანიშნეები საკონტაქტო ინფორმაციით და მცირე ინსტრუქციით.

წელს პირველად პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეთა რეგისტრაცია ცალკე ეტაპად განხორციელდა. აღნიშნული სერვისით ისარგებლა 515-მა მოსწავლემ (539 დარეგისტრირდა, მაგრამ 515-ს დაუდგინდა სპეციალური საჭიროება).

2019-2020 სასწავლო წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 27 ახალი სკოლა აშენდა, 141 სკოლას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო 884-მდე სკოლამ განახორციელა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები.

თბილისისა და რეგიონების მასშტაბით სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 სკოლაში სწავლის დაწყების თარიღი რიგ შემთხვევაში ერთი, ზოგ შემთხვევაში კი, ორი კვირით გადავადდა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, დამატებით 232 სკოლა სრულად დაიფარა „ვაი ფაი“ (wi-fi) სისტემებით და ამ ეტაპზე სრული დაფარვა 2085 საჯარო სკოლიდან 482 სკოლაშია.

„ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების რაოდენობაც. დღეიდან ახალი მოდელით სწავლება კიდევ 100 სკოლაში დაიწყო, რისთვისაც ზაფხულის განმავლობაში შეირჩნენ და დატრენინგდნენ მხარდამჭერი ჯგუფები, ხოლო სასწავლო წლის გაზაფხულიდან დაემატება კიდევ 200 სკოლა. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეისთვის „ახალი სკოლის მოდელში“ ქვეყნის მასშტაბით 150 სკოლაა ჩართული. პროექტის ფარგლებში 165-ვე სკოლა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით – პორტაბელური კომპიუტერები, პროექტორები და ლეპტოპის დამტენი კარადებით.

სიახლეებია საგნებთან მიმართებითაც. მე-7 კლასელები დღეიდან ახალ საგანს, „მოქალაქეს“ შეისწავლიან. ახალი საგანი „მოქალაქე“ სამოქალაქო განათლების მიმართულებას მოიცავს და ის დღემდე მხოლოდ მე-3, მე-4, მე-9 და მე-10 კლასებში ისწავლებოდა.

ამასთან, ახალი სასწავლო წლისთვის, სკოლებში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებისათვის მანდატურებისა და ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრების რაოდენობა გაიზარდა. დღეიდან მანდატურები დამატებით 41 სკოლაში შევიდნენ. ამასთან, 23 სექტემბერს ასევე 14 სკოლას დაემატება მანდატურები. საერთო ჯამში 109 მანდატური. ისინი შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელოს, მცხეთა-მთიანეთის, კახეთისა და რაჭის სკოლებში გადანაწილდნენ.

პირველი ოქტომბრიდან 150 ლარით იზრდება სკოლის პედაგოგების ხელფასი. ხელფასის მატება შეეხება სტატუსის (უფროსი, წამყვანი და მენტორი) მქონე ყველა მასწავლებელს. შესაბამისად, სრული განაკვეთის მქონე სტატუსიანი პედაგოგების ხელფასი 1000 ლარს გადააჭარბებს.

ახალი სააღმზრდელო წელი იწყება დღეს ბაგა-ბაღებშიც. თბილისის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში 61 000-მდე აღსაზრდელს ელოდებიან.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ყველა საბავშვო ბაღში დღეს მისული აღსაზრდელების დასახვედრად მრავალფეროვანი მხიარული ღონისძიებები იმართება.

მათივე ცნობით, გასული არდადეგების პერიოდში თითქმის ყველა ბაღში ჩატარდა სხვადასხვა სახის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, შესაბამისად, ბავშვებსა და პერსონალს ბაღების უდიდეს ნაწილში განახლებული ინფრასტრუქტურა დახვდებათ. ერთ-ერთ ასეთ ბაღს სააგენტოს ხელმძღვანელი ეწვევა.

სააგენტოს ინფორმაციით, მასშტაბური გამაგრება-რეკონსტრუქციის სამუშაოების გამო, სააღმზრდელო პროცესი რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყება დედაქალაქის ხუთ ბაღში (12, 144, 126, 200, 4). თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ინდივიდუალური მომართვის შემთხვევაში ამ ბაღების აღსაზრდელები ახლომდებარე ბაღებში რეგისტრირდებიან.

სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში წელს 64 000 ვაკანტური ადგილია, რაც შარშანდელთან შედარებით, 3000-ით მეტია. ადგილების დამატება ახალი ბაღების მშენებლობით არის განპირობებული. ოქტომბრის ბოლოდან ეტაპობრივად გაიხსნება და ექსპლუატაციაში შევა ხუთი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი.

დატოვე კომენტარი