საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი, ბაღებში კი სააღმზრდელო პროცესი იწყება
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში დღეს ახალი სასწავლო წელი იწყება. როგორც პირველ არხს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მასშტაბით პირველ კლასში 56 518 მოსწავლეა დარეგისტრირებული. მათგან საჯარო სექტორში 50 269, კერძოში კი 6 249. 863 მათგანი პირველკლასელთა დამატებითი რეგისტრაციისას დარეგისტრირდა.
საჯარო სკოლის ყველა პირველკლასელი მიიღებს კომპიუტერს. სამინისტროს მიერ უკვე შესყიდულია 55 050 კომპიუტერი, მათ შორის იმ ბავშვებისთვის, რომლებიც შესაძლოა, კერძო სკოლიდან საჯაროში გადავიდნენ. თითო კომპიუტერის ღირებულება 365,28 ლარია.
2017-2018 სასწავლო წელს რვა საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა (სამი მცირეკონტინგენტიანი და ხუთი დიდკონტინგენტიანი). ამჟამად მიმდინარეობს 27 საჯარო სკოლის მშენებლობა – 16 მცირეკონტინგენტიანის და 11 დიდკონტინგენტიანის.
განხორციელდა 167 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდა 16 სპორტული დარბაზისა და ხუთი მოედნის მოწყობა/რეაბილიტაცია.
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მეორე კომპაქტის ფარგლებში 43 სკოლის შენობა რეაბილიტირდა. 27 ახალი სკოლის მშენებლობის გარდა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ ორი ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის სატენდერო პროცედურები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ინფრასტრუქტურული სამუშაოების გახანგრძლივების მიზეზით სწავლის დაწყების თარიღი არც ერთ სკოლაში არ გადაიდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს თბილისის 150-ე საჯარო სკოლიდან მიულოცავს.
150-ე სკოლა ერთ-ერთია იმ საჯარო სკოლებს შორის, სადაც მინისტრის მიერ ინიცირებული სწავლების ახალი მოდელი საპილოტე რეჟიმში დაინერგება.
დღესვე სააღმზრდელო წელი იწყება ბაღებშიც. თბილისის მასშტაბით საჯარო ბაღებში 61 000 ბავშვი მივა, მათგან 17 000 – პირველად. წელს დედაქალაქში ცხრა ახალი ბაღი გაიხსნა, სადაც დამატებით 3 000 ახალი ადგილი შეიქმნა.