2019 წლიდან ეტაპობრივად ყველა სკოლაში სწავლის ახალი მოდელი დაინერგება
2019 წლიდან ეტაპობრივად ყველა სკოლაში სწავლის ახალი მოდელი დაინერგება

რეფორმირებული სკოლა ორიენტირებული იქნება მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე, ინოვაციორობაზე, ინკლუზიურობაზე, ეროვნულ და კულტურულ ფასეულობებზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წელს 50 სკოლით დაიწყება და საქართველოს სკოლებში ეტაპობრივად სწავლის ახალი მოდელი დაინერგება.

„2023 წლისთვის 2000-ზე მეტ სკოლაში სრულად იქნება დანერგილი ახალი მოდელი. საქართველოში არ გვსურს ვიხილოთ რამდენიმე პრესტიჟული ან რამდენიმე ათეული პრესტიჟული სკოლა. ქვეყანაში ყველა სკოლა უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის. რეფორმის შედეგად მივიღებთ სკოლის ახალ მოდელს, რომელიც იქნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შერწყმა ქართულ რეალობასთან და ქართულ სამეცნიერო თუ პედაგოგიურ გამოცდილებასთან“, – აღნიშნა პრემიერმა.

მან ყურადღება სკოლამდელ განათლებაზეც გაამახვილა, რომელიც რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა.

პრემიერის თქმით, სკოლამდელ განათლებას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

„უმნიშვნელოვანესია ბავშვის განვითარება ნებისმიერ ასაკში. სკოლამდელ განათლებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება, სწორედ  ადრეული ასაკიდან განათლება აისახება განვითარების შემდგომ საფეხურებზე. დღეს სამწუხაროდ, მოგეხსენებათ სკოლამდელი განათლება არ არის საერთო განათლების სისტემის ნაწილი“, – განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ეს არის შეცდომა, რომელიც აუცილებლად გამოსწორდება.

 

დატოვე კომენტარი