სულ მალე, დედამიწის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი გასაოცარი ასტრონომიული მოვლენის მომსწრე გახდება. 13 ივლისს, სუპერმთვარე მზის ნაწილობრივ დაბნელებას გამოიწვევს, პირველად 1974 წლის შემდეგ.
თუკი მისი ხილვა გსურთ, გამგზავრება მოგიწევთ ავსტრალიის უკიდურეს სამხრეთში, ახალ ზელანდიაში, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ან ანტარქტიდის სანაპიროზე.
მზის დაბნელება სულაც არ არის იშვიათი. წელს ეს მოვლენა მესამედ ხდება, შარშან კი ორი დაფიქსირდა. რატომ ხდება? იმიტომ, რომ ყოველ 29 დღეში ერთხელ, მთვარე მზესა და დედამიწას შორის ჩაივლის. ჩვენ ამას ფაზას ვეძახით, ანუ ახალ მთვარეს, როცა მთვარის მზით განათებული მხარე დედამიწისგან საპირისპირო მხარესაა მოქცეული.
ახალ მთვარეზე უფრო იშვიათად ხდება მოვლენა, როცა დედამიწა მთვარის ჩრდილში შედის. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს მოვლენა არ ეხება დედამიწის ყოველთვის ერთსა და იმავე რეგიონს, მზის დაბნელებები ყოველ ჯერზე სულ სხვადასხვა ზონიდან ჩანს.
ხვალინდელი დაბნელება ნაწილობრივი იქნება, ანუ სუპერმთვარე მხოლოდ ნაწილობრივ გადაეფარება მზეს. სხვათა შორის, ზუსტად ასეთი დაბნელება ბოლოს 1974 წლის 13 დეკემბერს მოხდა.
რა არის სუპერმთვარე? მთვარე დედამიწის გარშემო სრულყოფილ წრეზე არ მოძრაობს. მისი ორბიტა უფრო გაწელილია, ოვალური. ამ ორბიტის ყველაზე შორეულ წერტილში, ანუ აპოგეაში, მთვარე დედამიწიდან ოდნავ პატარა ჩანს, უახლოეს წერტილში, ანუ პერიგეაში კი დიდი.
ეს მოვლენაც დაახლოებით 28 დღეში ერთხელ ხდება. მაგრამ როდესაც პერიგეა სავსემთვარეობას ემთხვევა, ჩვენ ვხედავთ სუპერმთვარეს.
ვისაც გაგიმართლათ და ხვალ მზის დაბნელების ზონაში იქნებით, სასიამოვნო სანახაობას გისურვებთ!