საიდან ჟონავს ატმოსფეროში ოზონის ფენის გამანადგურებელი ნივთიერებები - დამნაშავე ქვეყანა ნაპოვნია
ზუსტად ერთი წლის წინ, ამერიკელი მეცნიერები იუწყებოდნენ, რომ ატმოსფეროში საგრძნობლად იყო მომატებული ოზონის დამშლელი ქიმიური ნივთიერებები, ე. წ. ქლორფთორნახშირბადები.
გამომდინარე იქიდან, რომ ამ ნივთიერებათა გამოყენება გლობალურად აიკრძალა 1987 წელს ხელმოწერილი მონრეალის პროტოკოლით. შესაბამისად, რჩებოდა მხოლოდ ერთი ახსნა – სადღაც, სრულიად უცნობ ადგილას, ვიღაც შეთანხმებად არღვევდა და ოზონის ფენის განადგურებას განაგრძობდა, თანაც მთელი ათი ან მეტი წლის განმავლობაში.
ბევრი სპეკულაციის შემდეგ, სამეცნიერო კვლევის შედეგად, ამ მავნე გამონაბოლქვის სიმძლავრე და ზუსტი ადგილსამყოფელი ბოლოსდაბოლოს დადაგინდა. როგორც „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებული პირველადი მოხსენება იუწყებოდა, გამონაბოლქვი ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროდან უნდა მოდიოდეს.
მას შემდეგ, რაც 2013 წელს მონრეალის პროტოკოლი წარმატებულად გამოცხადდა, ამ ძლიერ სამრეწველო რეგიონმა მისი დარღვევა გადაწყვიტა. შემთხვევით თუ შეგნებულად, გამოიყოფოდა CFC-11 — მეორე ყველაზე უხვი ქლორფთორნახშირბადი ატმოსფეროში. 2008-2012 და 2014-2017 წლებში CFC-11-ის გამოყოფა იქ დაახლოებით 110 პროცენტით გაიზარდა.
როგორც მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი ახალ მოხსენებაში წერს, ეს რაოდენობა CFC-11-ის გლობალური გამოყოფის დაახლოებით 60 პროცენტია.
ჯგუფის განცხადებით, აღმოსავლეთ აზიის სხვა ქვეყნებსა და მსოფლიოს არც ერთ სხვა რეგიონში CFC-11-ის გამოყოფის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა.
მიუხედავად იმისა, რომ CFC-11-ის გამოყენება აკრძალულია, ის ერთ-ერთი უიაფესი გზაა მაცივრებისა და შენობების საიზოლაციო ქაფის საწარმოებლად.
დოკუმენტებისა და საერთაშორისო წყაროების შესწავლის შემდეგ, „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ჟურნალისტებმა და დამოუკიდებელმა გამომძიებლებმა გაარკვიეს, რომ ჩინეთის ზოგიერთ ქარხანაში წლების განმავლობაში უკანონოდ იყენებდნენ CFC-ს.
მათ შორის არის მაგალითად, შანდუნის პროვინციის სამრეწველო ქალაქ სინგფუში არსებული ქარხნები. სწორედ ამ პროვინციამდე მიიყვანა კვალმა მეცნიერებიც.
სამხრეთ კორეასა და იაპონიაში, სხვადასხვა ადგილებში ჩატარებული ატმოსფერული დაკვირვებების შემდეგ, მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს გლობალური მონიტორინგის მონაცემები და ატმოსფერულ ქიმიურ ნივთიერებათა მოძრაობები. მათი მიზანი იმის გარკვევა იყო, აღმოსავლეთ აზიის კონკრეტულად რომელი რეგიონიდან ხდებოდა CFC-11-ის გამოყოფა.
შანდუნთან ერთად, ამ საქმიანობაში ჩართული აღმოჩნდა ახლომდებარე პროვინცია ხებეიც. ორივე რეგიონი ძლიერ ინდუსტრიულია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ეს ქიმიური ნივთიერება იქ სულაც არ გამოიყოფოდა, აშკარა იყო, რომ დაბინძურება სადღაც ახლომახლო ადგილებიდან ხდებოდა.
როგორც მკვლევრები წერენ, გამონაბოლქვის ამ მაჩვენებლით გაზრდისათვის საჭირო იყო ახალი გამონაბოლქვი მაცივრების განადგურების შედეგად, თანაც იმაზე ათჯერ მაღალი მაჩვენებლით ვიდრე მთელ ჩინეთში უნდა ყოფილიყო 2014-2017 წლებში. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ძველი შენობების უფრო სწრაფი ტემპით დანგრევის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვი.
მიუხედავად იმისა, თუ რას საქმიანობენ ეს ქარხნები, მათი ქმედებები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ოზონის ფენისთვის, არამედ ზოგადად კლიმატის კრიზისისთვის. CFC-11-ს ატმოსფეროში სიცხის მომამწყვდეველი უმძლავრესი ეფექტი აქვს. ექსპერტები შიშობენ, რომ თუ გამოყოფა ასე გაგრძელდება, ის ქვანახშირზე მომუშავე 16 ელექტროსადგურის მიერ ყოველწლიურად გამოყოფილი CO2-ის ეკვივალენტი იქნება.
ამჟამად ჩინეთი მსოფლიოში პოლიურეთანის ქაფის მესამედს აწარმოებს და გამონაბოლქვი შესაძლოა, მხოლოდ ნაწილი იყოს უკვე წარმოქმნილი დაბინძურებისა. დანარჩენი CFC-11 შეიძლება, ჯერ კიდევ ჩაჭედილი იყოს ნელა გამოყოფად საცავებში.
სამწუხაროდ, ახალ კვლევას არ შეუძლია დამნაშავის პოვნა და შესაბამისად, ჯერ კიდევ უცნობია, დაბინძურება მართლაც ჩინეთის ამ ორი რეგიონიდან მოდის თუ კიდევ სხვა მრავალი წყაროდან. მოკვლევა გრძელდება.
კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.