საია - ვანსა და ხონში არჩევნები ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა და ძალადობის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ვანსა და ხონში არჩევნების მიმდინარეობა შეაფასა. საია-ს ხელმძღვანელმა სულხან სალაძემ მედიისთვის ბრიფინგი გამართა და იმ დარღვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც კენჭისყრის მიმდინარეობისას დაფიქსირდა.
საია-ს შეფასებით, პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში წარიმართა და ძალადობის შემთხვევებს ადგილი არ ჰქონია. მათი შეფასებით, ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევა გადასატან ყუთს უკავშირდება.
კერძოდ, საია-ს ინფორმაციით, 31 საარჩევნო უბნიდან 25 უბანზე გადასატანი ყუთების სიებში დამატებით შეიყვანეს დაახლოებით 300 ამომრჩეველი, რამაც 3% – იანი ზღვარის გადამეტება განაპირობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ კუთხით საკანონმდებლო ცვლილება აუცილებელია.
სალაძის თქმით, დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც აწარმოებდენენ უბნებზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვას.
საია-ს შეფასებით, ეს ამომრჩევლის ნებაზე ირიბი კონტროლია, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას.
ასევე, საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა რიგი შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. „დაფიქსირდა ერთი ინციდენტი ხონის #5 საარჩევნო უბანთან, როდესაც ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა” და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ“,- განაცხადა სულხან სალაძემ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში, 60 უბნიდან 60-ივეს მონაცემები დათვლილია და არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ხმების 57.86% მიიღო, „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა გიგი უგულავამ 38.38%.