საია-ში აცხადებენ, რომ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნით ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და სასამართლოს რეფორმას არ აპირებს
საია-ში აცხადებენ, რომ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნით ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებასა და სასამართლოს რეფორმას არ აპირებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, მიხეილ სვიმონიშვილის განცხადებით, გუშინ იუსტიციის საბჭოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის დანიშვნით ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას და სასამართლოს რეფორმას არ აპირებს.

როგორც პრესკონფერენციაზე სვიმონიშვილმა თქვა, იუსტიციის საბჭოს უმთავრესი პრობლემა კლანური მმართველობაა.

„ეს ხელს უწყობს ხელისუფლებისათვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. კლანურ მმართველობას საფუძვლები თუ არ გამოეცალა, სასამართლოს დამოუკიდებლობაზე საუბარი ზედმეტია. საკვანძო პოზიციებზე არ უნდა იყვნენ კლანის წევრები. ჩინჩალაძის დანიშვნა ადასტურებს, რომ სასამართლოში კლანური მმართველობა ნარჩუნდება. ევროკომისიის რეკომენდაციების შემდეგ ასეთი გადაწყვეტილება მეტად ვნებს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს. ხელისუფლებას რომ არ სურს რეფორმის გატარება, ცხადია”, – თქვა სვიმონიშვილმა და განმარტა, რომ საკანონმდებლო გაუმჯობესების მიუხედავად, კლანის მმართველობის გამო სასამართლოს დამოუკიდებლობა შეუძლებელია.

საია-ში აცხადებენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საჭიროა ფუნდამენტური რეფორმის ჩატარება და საბჭოს წევრთა შერჩევის წესის ცვლილება.

ორგანიზაციაში პრობლემად მიიჩნევენ იმ გარემოებას, რომ საბჭო ბოლო ერთი წელია, ხუთი არამოსამართლე წევრის გარეშე მუშაობს და პარლამენტი დამოუკიდებელი წევრების დანიშვნაზე არც ზრუნავს.

საია-ში ამბობენ, რომ მოსამართლეთა დანიშვნის და მივლინების საკითხები ასევე პრობლემაა. მოსამართლის მივლინება რეგიონში სადამსჯელო ღონისძიებად იქცა.

მათივე ინფორმაციით, კლანის წარმომადგენლები სასამართლოების თავმჯდომარეების პოზიციებზე ერთმანეთს ენაცვლებიან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის საბჭოს გაუმჭვირვალობაზე და სხდომების ინტენსიურ გადადებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს პრობლემაა.

საია-ში აღნიშნავენ, რომ ორგანიზაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობას 2012 წლიდან აკვირდება. საია-მ დღეს მეათე ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ზემოთ აღნიშნულ პრობლემებზე იყო საუბარი. დღეს გამოქვეყნებული ანგარიში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2021 წლის მდგომარეობას ასახავს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძე ხელმეორედ, ხუთი წლის ვადით გუშინ აირჩია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჩინჩალაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.