საგურამოში ჩაისა და სანელებლების გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა
მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ საგურამოში ჩაისა და სანელებლების გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა.
პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო „მანნა“ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოში ჯამურად 871 058 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 348 423 ლარი გრანტია, ხოლო 435 529 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტი.
საწარმოს დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორ პაატა შეყელაძესთან და მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან ერთად ეწვია. ისინი სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
სააგენტოს ინფორმაციით, საწარმოში წელიწადში 8 ტონა ჩაის და 4 ტონა სანელებლებს გადაამუშავებენ. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ და ასევე სხვა ქვეყნების ბაზარზე ხდება.