წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას მიმართულებით გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება
წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას მიმართულებით გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე 11 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.

პროექტი ორ მონაკვეთად იყო დაყოფილი. ერთ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მეორე მონაკვეთზე მცირე სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ​წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის კეთილმოწყობას, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.

„სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული იყო, ხოლო არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად შემორჩენილი, გზის დანარჩენი ნაწილი კი, ხრეშოვანი. საავტომობილო გზაზე კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები. ასევე ხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები“, – აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მილიონი ლარია.

დატოვე კომენტარი