წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას მიმართულებით გზის რეაბილიტაცია უახლოეს დღეებში დასრულდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზაზე 11 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.
პროექტი ორ მონაკვეთად იყო დაყოფილი. ერთ მონაკვეთზე სამუშაოები დასრულებულია, ხოლო მეორე მონაკვეთზე მცირე სამუშაოებია დარჩენილი, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას გზის კეთილმოწყობას, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.
„სარეაბილიტაციო მონაკვეთი ძლიერ დაზიანებული იყო, ხოლო არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად შემორჩენილი, გზის დანარჩენი ნაწილი კი, ხრეშოვანი. საავტომობილო გზაზე კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისთვის მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები. ასევე ხორციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები“, – აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 7.3 მილიონი ლარია.