საგარეო უწყების ცნობით, პრაღაში სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრაღაში, კარლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
„საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში ინფორმირებულია ინციდენტის შესახებ, კავშირზეა ჩეხეთის შესაბამის სტრუქტურებთან. საქრთველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არის“,- აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.
პრაღაში, უნივერსიტეტში სროლის შედეგად დაღუპულია ათი ადამიანი, დაშავებულთა რიცხვი 25-ს აღწევს. ჩეხეთის პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი განეიტრალებულია.
შეიარაღებულმა პირმა პრაღის ცენტრში, კარლის უნივერსიტეტში გახსნა ცეცხლი. იან პალახის მოედანზე მდებარე უნივერსიტეტის შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, მოედანი და მისი მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.